ირაკლი კუპრაძე: რისი თქმა მინდოდა?!

„მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე საკრებულოში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

„საკრებულოს სხდომაზე ყოველგვარი ხმაურიანი განზრახვის გარეშე მივედი. მინდოდა სიტყვის უფლება მოეცათ და ჩემი სათქმელი მეთქვა, რომლის უფლებაც ნამდვილად მქონდა.

დაზუსტებით ვიცით, რომ საკრებულოს და მერიის რიგ თანამშრომლებს დაურეკეს და უთხრეს, რომ სხდომას დასწრებოდნენ და ადგილები შეევსოთ, რადგან თავისუფალ მოქალაქეებს და აქტივისტებს შესვლის საშუალება აღარ გვქონოდა. სხდომამდე მხოლოდ 10 წუთით ადრე შეგვიშვეს, როცა მოქალაქეთა იარუსი გადატენილი იყო. წვალებით, მაგრამ შესვლა მაინც მოვახერხეთ.

რამდენჯერმე ატყდა აჟიოტაჟი, თუმცა მშვიდად, გაშეშებული ვისმენდი ნარმანიას დემაგოგიას, სოსო მანჯავიძის და ნუგზარ მალაღურიძის უნამუსო კომენტარებს, ვუყურებდი სამარცხვინოდ ჩუმად მჯდარ ზაზა კოლელიშვილს და ბევრ სხვას. გარშემო სულ დაცვის და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული თანამშრომლები მედგნენ, რომლებიც ჩემს მეგობრებსაც არ აძლევდნენ ჩემ გვერდით დადგომის საშუალებას. მაშინ, როცა თორნიკე შევარდნაძე გვერდით გადაწიეს და შუაში ჩაგვიდგა მამაკაცი, შენიშვნაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელი იყო და ზუსტად ჩემ გვერდით უნდა მდგარიყო.

როცა ერთ-ერთი დეპუტატი გამოსვლას მორჩა, ხმამაღლა მივმართე საკრებულოს თავმჯდომარეს, ერთი წინადადებით, რომელიც დასრულებული არ მქონდა, როცა გარშემო მდგომმა პოლიციელებმა გარეთ გათრევა დამიწყეს : ,,ბატონო ალიბეგაშვილო, მომეცით სიტყვის უფლება”. რა თქმა უნდა ალიბეგაშვილის პასუხიც ვერ მოვისმინე ისე გამათრიეს მუჯლუგუნებით და ყოველგვარი გონივრული ძალის გადაჭარბებით. გვერდებიდან მიმათრევდნენ და თან ზურგიდან მაწვებოდნენ, რა დროსაც კიბეებზე ვეღარც თვითონ გამაკავეს და ზურგით წამაქციეს. არც ეს იკმარეს და აზრზე მოსვლის საშუალებაც არ მომცეს ისე გამიძახეს ქუჩაში. ვერ ვხვდები, რატომ შეაშინა საკრებულო და ხელისუფლება ერთმა ფრაზა-თხოვნამ, რომლითაც სიტყვის უფლებას ვითხოვდი.

რისი თქმა მინდოდა?!

# მინდოდა მეთქვა, რომ ქალაქის განვითარება არ არის მხოლოდ რამდენიმე ხე და ყაზბეგის გამზირი, მითუმეტეს არა მხოლდო ცენტრალური უბნები. ქალაქის უბედურება დღეს ცუდ მთავრობასთან ერთად, არასწორი იდეით-კონცეფციით ხელმძღვანელობაა. ქალაქის მომავალი მწვანე საფართან ერთად საჯარო ინტერესზე მორგებულ სივრცეებზე უნდა გადიოდეს, რომელიც ასევე იქნება გაჯერებული გენდერულ ასპექტებით, რომელიც იქნება მორგებული შშმ პირებზე, სოციუმის ყველა დაუცველ და მიუსაფარ ჯგუფზე. მინდოდა მეთქვა არარსებულ საბინაო პოლიტიკაზე, ჯენტრიფიკაციაზე, თბილისის გეტოებზე, ქალაქის ველურ ,,გათანამედროვებაზე” და ა.შ.

ჩვენ უნდა გამოვიდეთ ნეოლიბერალური წესრიგიდან, მხოლოდ ეს იქნება ქალაქის გადარჩენის რეალური გზა. პრობლემების განხილვა კი ფართო ხედვით, კომპლექსურად უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ერთეულ შემთხვევებს შევებრძოლებით და არა სისტემურ გაუმართაობას და იდეურ აღრევას, რომელიც ყველაფრის საწყისია.

# მინდოდა აღმენიშნა, რომ სწორედ ის ფსევდომეცნიერი გიორგი გაგოშიძე, რომელსაც მერიაში სხდომა გაახსნევინეს ნარმანიას ქება დიდებით, რომელიც ,,დამოუკიდებელი ექსპერტის” სტატუსით იყო მოწვეული მერიის შეხვედრაზე, ახლა საკრებულოს დარბაზში იჯდა ნარმანიას მარცხნივ, იქ სადაც უბრალო მოქალაქეებს არ უშვებენ. ესეც ჩვენი ,,დამოუკიდებელი ექსპერტი” და ნარმანიას წინასაარჩევნი პიარ-აქცია.

# მინდოდა სოსო მანჯავიძისთვის მიმემართა, რომელიც წუხდა და ამბობდა, რომ დეპუტატებმა ერთმანეთს პატივისცემით უნდა ესაუბრონ. მას არ რცხვენია იმ მერის აპოლოგეტობა, რომელიც მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებს !?

არ შერცხვება! იმიტომ, რომ ბატონები უპირობოდ მართლები არიან.

# ზაზა კოლელიშვილისთვის დეა სხვებისთვის მინდოდა მეთქვა, რატომ სხედან ასე ჩუმად ? მინდოდა შემეხსენებინა, რომ ჩვენ ვხედავთ და ვიმახსოვრებთ, ისინი კი შერცხვენილები იქნებიან.

კიდევ ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ უბრალო მოქალაქეს, რომელსაც პირადად მეხებოდა გუშინდელ სხდომაზე განსახილვები მრავალი საკითხი, ხმის უფლება არ მომცეს. ჩვენ, უხმო აქტივისტები ვართ.

(- ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთ მაქვს, როგორც ,,ამტელ ჰოსპიტალში” ჩატარბულმა პროცედურებმა აჩვენა, მძიმე დაზიანება არ არის, მხოლოდ გულ-მკერდის ფერდის დაჟეჟილობაა, რამდენიმე დღეში ტკივილიც გაივლის და სამომავლო პროლემებს არ გამოიწვევს. ნემსები დამჩხვლიტეს და მოვმჯობინდი.

– მთაწმინდის განყოფილებაში შედგა სამართალდარღვევის ოქმი, დაცვის და უცხო პირების მხრიდან ძალის გადაჭარბების ფაქტზე. იმედს ვიტოვებ, რომ ჯოხი რიგით თანამშრომლებზე არ გადატყდება და სწორედ მას მოთხოვენ პასუხს, ვინც გასცა ასეთი პირუტყვული მოქცევის ბრძანდება, თუმცა ამის ნაკლებად მჯერავს)

სამართლიანობისთვის ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები და წევრები სამოქალაქო აქტივისტების პარალელურად იბრძვიან მსგავსი მოთხოვნებით, რომელიც ასევე სამართლიანია. თუმცა უნდა ითქვას, რომ მათი ეს მოთხოვნები ოპოზიციური მდგომარეობით არის გამოწვეული. ვინაიდან სწორედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში მიიღო თბილისის მერიამ ბიუროკრატიული ორგანიზმის-საშვთა ბიუროს სახე: რომელიც მხოლოდ ხეების ჭრის, გაუგონარი-უკანონო მშენებლობების და ნგრევის ნებართვებს გასცემს. მერია სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა მხოლოდ დეველოპერების ინტერესების გამტარებლად, სადაც სრულიად უგულებელყოფილია ხალხის ხმა-Vox populi და საჯარო ინტერესი. სწორედ ნაცმოძრაობა იყო ნეოლიბერალური პოლიტიკის აპოლოგეტი და გამტარებელი, რამაც აქამდე მიგვიყვანა. ეს ყველაფერი სამართლიანობისთვის, თუმცა ქართული ოცნების მანიპულაციები, რომ ისინი ნაცმოძრაობაზე ცოტათი უკეთესები არიან, არის სრული უნამუსობა და იმის საფუძველი, რომ ხვალვე გადავირჩიოთ ეს საშინელი ხელისუფალი. მე არ მჭირდება ნაცმოძრაობაზე ცოტათი უკეთესი და მასთან მოძიძგილავე ხელისუფალი, რომელიც ისევ იგივეა რაც აქამდე იყო სხვა.

რაც შეეხება ნატა ფერაძისადმი ატეხილ ვიშვიშს, მარტივად ია ანთაძის ციტირებას მოვახდენ და ჩემს სათქმელს ასე ვიტყვი:

,,ჩემი აზრით, ნატა ფერაძე არის მეამბოხე ადამიანი, რომლის ცხოვრების პრინციპია – ყველაფერი ან არაფერი!

ზრდილობა, თავშეკავება, შინაგანი ჰარმონია და მსგავსი ცნებები მისთვის აზრს მოკლებულია. მეამბოხეები ყოველთვის აღიზიანებდნენ საზოგადოებას და ვნებდნენ საკუთარ თავს, მაგრამ მათ ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ შეუცვლელი როლი საზოგადოების განვითარებაში.

(c) ია ანთაძე”

მგონი დროა ნარმანიაც ეწვიოს კითხვით ბიძინას : ,,ბატონო ბიძინა, ჩემი წასვლის დროც ხომ არ არის ?

მიჯირყვნილი, მაგრამ ისევ ბრძოლისუნარიანები ვაგრძელებთ ბრძოლას !

პატივისცემით, (ახალი წოდებით)

უხმო აქტივისტი, მაიმუნი ვირიშვილი“.

Comments
Loading...