ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს დნმ-ის ნიმუშები აუღეს

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ე.წ. მატროსოვის ციხეში ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს დნმ-ის ნიმუშები აუღეს.

პროკურორებმა მათთვის დნმ-ის ანალიზის აღება მხოლოდ მეორე ცდაზე მოახერხეს, რადგანაც რამდენიმე დღის წინ მათ ცააძემ და ფირცხალავამ, უნდობლობის მოტივით, დნმ-ის ნიმუშის აღებაზე უარი განუცხადეს.

ფიცხალავასა და ცააძის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, პროკურატურამ მათ სასამართლო განჩინება გააცნო, სადაც გამოძიება დნმ-ის ნიმუშის აღების მოტივად იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას მეორე უცნობი დნმ-ის ნიმუშის აღმოჩენას ასახელებს.

„ფირცხალავასაც და ცააძეს პროკურორებთან ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდათ, მაგრამ პასუხს არავინ არაფერზე გვცემს. მხოლოდ ის აგვიხსნეს, მათი დნმ-ის ნიმუშები რასთან შესადარებლად სჭირდებათ. როგორც პროკურორებმა განგვიმარტეს, საუბარია იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას აღმოჩენილ მეორე დნმ-ის ნიმუშზე, რომლის ვინაობაც ამ დრომდე უცნობია“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ამასთან, ადვოკატმა არ იცის გამოძიებაში არსებობს თუ არა სხვა რაიმე ახალი გარემოება.

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით კი, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძისთვის პროკურატურამ დნმ-ის ანალიზის ჩატარება შესაძლოა, გამოძიებაში რაიმე ახალი გარემოების არსებობის გამო გადაწტყვიტა.

მისი თქმით, იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს, სადაც პროკურატურა მისი მკვლელობის დამკვეთის ვინაობის დადგენას ცდილობს. ასევე, პროკურატურა ეძებს შემთხვევის ადგილას აღმოჩენილი მეორე დნმ-ის პატრონს.

2006 წლის ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე, გასული წლის 20 იანვარს, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

საქმეზე დაკავებულია ყოფილი პოლიციელი გია სოსანაშვილი, რომლის დნმ-იც საფლავზე აღმოჩენილ დნმ-ს ნიმუშს დაემთხვა. იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის მას სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

Comments
Loading...