ირაკლი რუხაძე: ყოფილ პრემიერს ამ პროცესში არანაირი როლი არ აქვს, მშვენიერი ბიზნესი აეწყობა ამ სამი ტელევიზიიდან
ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი რუხაძის განცხადებით, ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვება არ იხურება.
როგორც ირაკლი რუხაძემ „მაესტროს“ თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კანონი, რომლის თანახმადაც ჰოლდინგს ეკრძალება ეთერში ერთ საინფორმაციო გამოშვებაზე მეტის გაშვება, უნდა გადაიხედოს.
„არ იხურება. არ ვიცი საიდან გაჩნდა იდეა, რომ „მაესტროს“ საინფორმაციო იხურება. კანონთან წინააღმდეგობა არ გვაქვს. ეს კანონი შეიქმნა იმიტომ რომ ბადრი პატარკაციშვილს არ ჰქონოდა ერთზე მეტი ტელევიზია. ეს კანონი ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში იყოს 50-60 დაქუცმაცებული, პატარა ტელევიზია, რომელთაც ცხოვრებაში ფული არ ექნებათ, ვიღაცის კმაყოფაზე უნდა იყვნენ. იმედი მაქვს, რომ ეს კანონი გადაიხედება“,- განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
მისივე თქმით, სამი ტელეკომპანიის გაერთიანება მომგებიანი ბიზნესი იქნება და ამას პოლიტიკასთან და ყოფილ პრემიერ, ბიძინა ივანიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ყოფილ პრემიერ-მინისტრს ამ პროცესში არანაირი როლი არ აქვს გარდა იმისა, რომ ჩვენ მის წარმომადგენლებს ველაპარაკებოდით GDS-ის ნაწილის ყიდვასთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ ბიზნესჯგუფი , ეს სამი ტელევიზია ერთად იქნება უაღრესად მომგებიანი და თუ ვიღაცას ეჭვი გეპარებათ, რატომ ღირდა ამის გაკეთება, მოგვაკითხეთ ცოტა ხანში და შეხედავთ, მშვენიერი ბიზნესი აეწყობა ამ სამი ტელევიზიიდან.
არც მე და არც პატარკაციშვილების ოჯახი არ ვართ პოლიტიკაში და ჩვენი ძირითადი ინტერესი არის მხოლოდ ბიზნესი“,- აღნიშნა რუხაძემ.
მედიაჰოლდინგმა „იმედმა“ ტელეკომპანია „მაესტროსა“ და GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გუშინ გაავრცელა.
განცხადების თანახმად, ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვრიდან „მაესტრო“ გახდება ჰოლდინგ „იმედის“ შემადგენელი ნაწილი. ასევე, დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის ერთ ჰოლდინგად გაერთიანების შემდეგ, სამიდან ორ არხზე სავარაუდოდ, საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყდება.