ირაკლი სესიაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არ არის ის კაცი, ვინმეს მითითებები მისცეს


„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც მიიღო მონაწილეობა. რაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრებთან, ამის შესახებ ფრაქციის წევრი ირაკლი სესიაშვილი „რეპორტიორს” ესაუბრა. სესიაშვილმა თქმით, პრემიერსა და ფრაქციის წევრებს შორის შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებსა და რეგიონებში არსებულ პრობლემებს შეეხო.

„წესად გვაქვს: ვიკრიბებით, ვსაუბრობთ გახსნილად ყველაფერზე… არის მთელი რიგი მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, რაზეც ერთად ვმსჯელობთ, ერთად ვიხილავთ რიგ საკითხებს: დაწყებული საპარლამენტო დღის წესრიგიდან, რეგიონებში არსებული მდგომარეობით დამთავრებული. ვიხილავთ მოსახლეობის პრობლემებს, ასევე ვმსჯელობთ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე და ვცდილობთ, არ დავტოვოთ უყურადღებიდ არცერთი თემა”, – განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი სესიაშვილის თქმით, ის გუნდის გულშემატკივარია და ამ ტიპის შეხვედრებს ესწრება ხოლმე.

„ბატონი ბიძინა „ქართული ოცნების” არამხოლოდ გამორჩეული ლიდერი და დამფუძნებელია, ის არის გუნდის დიდი გულშემატკივარი. როდესაც ვიწყებთ პარტიული კონფერენციების ჩატარებას, მას აქვს სურვილი გარკვეული სახით ამ პროცესში ჩაერთოს ხოლმე. ჩვენ გავცვალეთ აზრები. როცა ისმის შეკითხვა, იძლევა თუ არა ივანიშვილი მითითებებს, ჩანს, რომ კითხვის დამსმელი ბიძინა ივანიშვილს არ იცნობს. ბატონო ბიძინა არ არის ის კაცი, ვინმეს მითითებები მისცეს, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან წავიდა. ის ძალიან თავისუფალი ადამიანია ურთიერთობაში, მხოლოდ თავის აზრს გამოთქვამს”

Comments
Loading...