ირაკლი სესიაშვილი – იგივეს რომ არ ვიმეორებთ, ესეც სამართლიანობის აღდგენაა

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტის ამპლუიდან ვერ გამოვიდა და პოლიტიკოსად ვერ ჩამოყალიბდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ მტკიცებულებებზე მას შემდეგ იფიქრა, რაც პატიმართა შეწყალების თაობაზე პოლიტიკური განცხადება გააკეთა და შემდეგ, მას პასუხი მოსთხოვეს.

შეწყალები კომისიის გარშემო განვითარებულ პროცესებზე, “for.ge” ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა:

პოლიტპატიმართა და შეწყალების კომისიის გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. თითქმის ყოველ დღე, ახალი ბრალდებები ისმის. როგორ აფასებთ, ალეკო ელისაშვილის განცხადებებს?

– გულწრფელად გეტყვით, რომ ელისაშვილი მორალურად მეცოდება. ელისაშვილი ამბობს, რომ ამ საქმეს თავს შესწირავს. ეს იმ ადამიანის განცხადებაა, რომელიც იმას აჩვენებს, რომ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ არის. ელისაშვილს როგორც პიროვნებას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ პარლამენტში ძალიან ბევრი კარგი პიროვნებაა, რომელმაც პოლიტიკურ სივრცეში საკუთარი თავის ადეკვატურად გამოჩენა ვერ შეძლო. მგონია, რომ ელისაშვილმა პოლიტიკური შეცდომა დაუშვა.

რა შეცდომას გულისხმობთ?

– ის ჟურნალისტის ამპლუიდან ვერ გამოვიდა და პოლიტიკოსად ვერ ჩამოყალიბდა. ოთხი წლის მანძილზე, თუკი რაიმე ვისწავლე ისაა, რომ სანდო ინფორმაცია არ არსებობს და საკუთარი ანალიზი საკმარისი არ არის, რომ საჯარო განცხადებები გააკეთო. პოლიტიკოსის საჯარო განცხადება დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს და ელისაშვილმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც მის ეჭვებს ეფუძნება და არა ფაქტებს. ის საკუთარი განცხადების მძევალი აღმოჩნდა. როცა ვინმესკენ თითს იშვერ და სერიოზულ ბრალდებას უყენებ, შესაბამისი მტკიცებულებები უნდა გქონდეს. მეჩვენება, რომ მან მტკიცებულებებზე მას შემდეგ იფიქრა, რაც პოლიტიკური განცხადება გააკეთა და მას პასუხი მოსთხოვეს.

ანუ, თქვენ იმას ეჭვობთ, რომ ელისაშვილმა რაღაც პოლიტიკური თამაში წამოიწყო?

– მან პოლიტიკური თამაში კი არ წამოიწყო, უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა და ამის მსხვერპლი გახდა. სამწუხაროდ, ეს მისი პირველი განცხადება არ არის, რომელსაც ვერ ამტკიცებს. ბოლოს, მან ლექსო თამაზაშვილის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა, სადაც საუბარია ვიღაცის ვარაუდებზე და არა რაიმე სახის მტკიცებულებაზე. ვერ წარმომიდგენია, რომ ლექსო თამაზაშვილმა რაიმე ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომელიც სხვის ჩაგვრას გამოიწვევს.

ბატონო ირაკლი, „თამაზაშვილების კლანზე“ ლამის ლეგენდები დადიოდა, რის გამოც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით, ისინი ხელისუფლებას ჩამოაშორეს და ამის ნათელი დასტური ზვიად ჯანყარაშვილი იყო…

– სამწუხაროდ, ელისაშვილმა აბსურდის თეატრის მოთამაშეები გაგვხადა, რადგან საზოგადოება ყოველთვის სუსტის მხარესაა და თვლის, რომ ძლიერი ჩაგრავს. ელისაშვილი რომ გამოვიდეს და თქვას, სესიაშვილი საჭესთან ნასვამი იჯდა და შემდეგ პოლიციელს ხელი დაარტყაო, ამას ვინ არ მიცნობს, ყველა დაიჯერებს.

ელისაშვილი ამბობს, რომ თუკი გამოძიება ობიექტურად არ წარიმართება, ის ყველა იმ პირის გვარს დაასახელებს, ვინც პატიმრების შეწყალების თაობაზე მესიჯებს უგზავნიდა თუ ურეკავდა. ამასთანავე, ელისაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, იმ სმს-ების არსებობის თაობაზე დაადასტუროს ინფორმაცია, რომელიც მისი ცნობით, მან გიორგი მარგველაშვილს უჩვენა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი, მსგავსი მესიჯების არსებობას ადასტურებს…

– ჩვენ ვსაუბრობთ, არა მტკიცებულებებზე, არამედ ელისაშვილის ფიქრებზე. ის არ ამბობს, რომ სმს-ით 200 ათასი იყო შეთავაზებული. ელისაშვილმა ვიღაცის მესიჯი როგორ გაიგო და ამაზე რა ფიქრები ააგო, ამაზე საუბარი რთულია. ელისაშვილმა თქვა, რომ ერთ-ერთ დეპუტატს კონკრეტულ საქმეში 200 ათასი აღებული ჰქონდა. მან ჩვენ პოტენციურად ეჭვმიტანილი გაგვხადა და მან უნდა იცოდეს, რომ ოჯახი მხოლოდ მას არ ჰყავს. ადამიანის დადანაშაულება ასე მარტივად არ შეიძლება და მას აქ შეეშალა. მისი პოლიტიკური შეცდომის გამო პასუხს ხელისუფლებას სთხოვენ.

აპრიორში, თქვენ მის განცხადებებს პოლიტიკურ შეცდომას რატომ უწოდებთ და გამოძიებას რატომ არ ელოდებით? იქნებ, საგამოძიებო ორგანომ ელისაშვილის ჩვენების საფუძველზე კორუფციული სქემა გახსნას? წინასწარი რწმენა რატომ გაქვთ, რომ ელისაშვილი ტყუილს საუბრობს და უმრავლესობა მართალს?

– ამას არ ვამტკიცებ. გამოძიების არც ერთი დეტალი არ ვიცი და არ ვამბობ, რომ ვინმეს რაიმეში ვადანაშაულებ. საინტერესოა, მან ამ საკითხებზე საუბარი ორი წლის შემდეგ რატომ დაიწყო? ელისაშვილი თავისი უპასუხიმგებლო და დაუფიქრებელი განცხადებების გამო ჩვენს რეპუტაციას ლახავს. მან ეჭვმიტანილად ყველა გვაქცია და იგივეს აგრძელებს.

თქვენ ის უფრო განერვიულებთ, რომ რეპუტაცია შეგელახათ თუ ის უფრო გადარდებთ, რომ შესაძლოა, თქვენი გუნდის წევრები კორუფციულ სქემებში იყვნენ გახვეულები?

– თუკი ისეთი პირი არსებობს, რომელსაც ფული აქვს აღებული, ის უნდა გამოაშკარავდეს. ეს რომ დადგენილიყო, ელისაშვილს პროკურატურისთვის უნდა მიემართა. როცა ის ამ თემებზე საუბარს ორი წლის შემდეგ იწყებს, ეჭვები მიჩნდება, რომ მტკიცებულებები აღარ არსებობს.

თქვენ გამორიცხავთ, რომ თქვენს გუნდში ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ, ფულს აკეთებდნენ?

– ამას უმეტესად გამოვრიცხავ, რადგან გადაწყვეტილებებს კომისია იღებდა. გამოვრიცხავ, რომ შეწყალების კომისიაში პირადი ინტერესების გატარება მარტივი ყოფილიყო.

ე.წ. კოკაინის საქმეზე რას ფიქრობთ? ამ საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი პოლიტპატიმართა სიაში იყო ჩასმული, რომელიც დავით უსუფაშვილმა დაბლოკა…

– ამ საქმესთან არანაირი შეხება არ მქონია, შესაბამისად, მასზე ვერ ვისაუბრებ. წინა ხელისუფლების მიმართ წარმოებული მართლმსაჯულების მიმართ ნდობა არ მაქვს და იმის საფუძველი, რომ ამ საქმეში ეჭვი შევიტანო მაქვს.

ეჭვი რაში შეგაქვთ – ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული პირებისთვის წარდგენილ ბრალში?

– დიახ. ეს ძალიან ბურუსით მოცული საქმეა. საქმეს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ეჭვი რატომ მიჩნდება? – ის კოკაინი არსად ჩანს, რომლის თაობაზეც აცხადებდნენ, რომ დიდი ოდენობით ამოიღეს. ამასთანავე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს იმ წელს არც ერთი გრამი კოკაინი არ ამოუღია. განცხადებები მესმის, რომ ბოჭორიშვილს 3-10 მილიონი მოსთხოვეს და ამის გამო ვიღაცეებს ქონებები წაართვეს. ფაქტთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას ვერ ვაფიქსირებ, რადგან უფრო მეტი კითხვა მაქვს, ვიდრე პასუხები.

ანასტასია ზაუტაშვილის ფარული ჩანაწერი ნანახი გაქვთ, სადაც ის სამართალდამცავს ადამიანის მკვლელობას უკვეთავს?

– ეს ვიდეო ნანახი არ მაქვს.

თქვენ ამბობთ, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე ეჭვები გაქვთ და თუკი ეს ასეა, for.ge-ს ინფორმაციით, ე.წ. კოკაინის საქმის პროკურორები ისევ მთავარ პროკურატურაში მუშაობენ და ამ საქმის ხელახლა გამოძიების საკითხს დღის წესრიგში რატომ არ აყენებთ?

– ამ საქმეების გამოძიება-არგამოძიებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს. ზღვა მასალაა ისეთი, რომელიც გამოძიებას საჭიროებს და ჩვენთვის ამ კითხვის გამეორება არასამართლიანია. ჩვენ რომ ყველა ძველი საქმე დროულად გამოვიძიოთ, ამას კოლოსალური დრო და რესურსი სჭირდება.

როცა კოალიცია „ქართული ოცნება“ სამართლიანობის აღდგენას აანონსებდა, ამაზე მაშინ რატომ არ იფიქრეთ?

– როცა საქმე თავიდან იძიება, მოწმეების თავიდან დაკითხვა და მტკიცებულებების მოპოვება რთულია. ბევრი ძველი საქმე გაიხსნა და ეს პროცესი გრძელდება. ადრე თუ გვიან, შესაძლოა, ამ საქმესაც შეეხონ. ამ პროცესის წარმართვას დრო რომ სჭირდება, ამას საზოგადოებამ გონივრულად უნდა შეხედოს და არა პრეტენზიით. თუკი პრეტენზია წარმოიქმნება, მაშინ ჩვენ ქვეყანაში გვჭირდება არა 350 პროკურორი, არამედ 35 ათასი პროკურორი. თავის საქმის პროფესიონალი 35 ათასი პროკურორი ქვეყანაში არ არსებობს.

არ იცოდით, რომ ქვეყანაში 35 ათასი პროკურორის რესურსი არ იყო, როცა ამ დაპირებებს გასცემდით და ადამიანებს საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენის რწმენას უნერგავდით?

– სამართლიანობის აღდგენა იმას არ ნიშნავს, რომ დღესვე, ყველას დარღვეული უფლების ადეკვატურ რეაბილიტაციას მივცემთ. დაპირებები შესრულებადია, რომელსაც დრო სჭირდება. იგივეს რომ არ ვიმეორებთ, ესეც სამართლიანობის აღდგენაა.

წყარო
for.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.