ირაკლი შოთაძე – კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მასალების გასაჯაროებას ვაპირებ

საქართველოს მთავარი პროკურატურის პოსტზე დამტკიცების შემდეგ, ირაკლი შოთაძემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტებთან მთავარმა პროკურორმა სამომავლო გეგმებსა და იმ გამოსაძიებელ საქმეებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, უახლოეს მომავალში უნდა გაიხსნას. შოთაძე ირწმუნება, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მასალების გასაჯაროება უახლოეს მომავალში მოხდება.
„ვაპირებ პროკურატურის რეფორმირების გაგრძელებას, ვაპირებ ჩვენი პროკურორების კვალიფიკაციის ასამაღლებლად მაქსიმალურად მუშაობის გაძლიერებას და ასევე სამართლიანობის აღდგენის პროცესის მაქსიმალურად დაჩქარებას და გაძლიერებას. მე გაცხადებული მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვაპირებთ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და მასალების გასაჯაროებას. ასევე ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც საზოგადოებაში საჯარო ინტერესი არსებობს, ჩვენ რა თქმა უნდა, საზოგადოებას თითოეული ამ საქმის მიმდინარეობის და გამოძიების შედეგების შესახებ ვაცნობებთ“,-აცხადებს ირაკლი შოთაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხმა მის წინააღმდეგ 15-მა მისცა.

Comments
Loading...