ირაკლი შოთაძესთან შეკითხვები მმართველ გუნდსაც აქვს

მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტი ხუთშაბათს განიხილავს. საკითხზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.

საპარლამენტო ოპოზიცია გამოვიდა ინიციატივით, რომ რადგან უმცირესობას აქვს შეკითხვები მთავარი პროკურორობის კანდიდატთან, პოლიტიკურ ჯგუფებს მიეცეთ საშუალება ამ კითხვებზე პასუხები მოისმინონ.

ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა როგორც საპარლამენტო, ასევე უმცირესობის მხრიდან. ირაკლი შოთაძესთან შეკითხვები მმართველ გუნდსაც აქვს.

„ადამიანთან მთავარი პრეტენზია აქვთ, რომ გახმაურებული საქმეები რატომ არ არის აქამდე გახსნილი. ვფიქრობ, ამაზე პასუხია გასაცემი და რომ მოითხოვს ზოგიერთი ოპონენტი, რომ რატომ არ დაკითხეს აქამდე, ვფიქრობ, შეცდომა დაშვებული აქვს, რომ არ დაკითხეს აქამდე. გაჭიანურდა საკუთრების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება. თუ იმ მიზეზით ჭიანურდება, რომ რესურსი ყავს ნაკლები თუ სხვა მიზეზით, ამაზეც მოუწევს პასუხის გაცემა, არა მარტო ჩვენი ოპონენტებისათვის,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მათთვის სიურპრიზი არ იყო ამ კანდიდატურის შერჩევა.

„სიურპრიზი არ არის, რომ ივანიშვილმა სწორედ ასეთი კანდიდატურა შეარჩია, რომელიც მისი ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი იქნება, როგორი უსინდისო და უკანონო ბრძანებაც არ უნდა იყოს ის. მათა აქვთ პოლიტიკა გასაგრძელებელი, რომ ებრძოლონ არა ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს, უმუშევრობას და პრობლემებს, არამედ, ოპოზიციას, რუსთავი 2-ს, არასამთავრობოებს და ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი არ აქვს,“ – აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გია ბარამიძემ.

კონკრეტული კითხვების აქვთ პროკურორობის კანდიდატთან თავისუფალ დემოკრატებს. მათ შორის სამართალწარმოება, ასევე მათი თქმით, ე.წ. სამართლიანობის აღდგენა, შერჩევითი სამართალი და ე.წ. კაბელების თემა.

მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე კენჭისყრა სავარაუდოდ, პარასკევს გაიმართება.

Comments
Loading...