ირანული მხარის მტკიცებით საქართველო 5 მილიონ კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს ირანისგან მიიღებს

საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების შესახებ ინფორმაციას ირანული ენერგოკომპანიის ხელმძღვანელობა ავრცელებს. ისინი ირანულ მედიაში ადასტურებენ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებისა და შეთანხმების კონკრეტული დეტალების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე, საქართველომ ირანისგან ყოველდღიურად 15 მილიონ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირი უნდა მიიღოს.

ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო ირანიდან მიღებულ ბუნებრივ აირს შიდა მოხმარებისთვის გამოიყენებს. დამატებით დეტალებზე ენერგეტიკის სამინისტროში განმარტებებს არ აკეთებენ. უწყებაში დღეს მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

სამინისტროსგან განსხვავებით, ირანული გაზის ღირებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ეკონომიკური და დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე. ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები 220 დოლარზე მიმდინარეობს, რაც ქართული მხარისთვის არაკონკურენტუნარიანი ფასია, ვინაიდან აზერბაიჯანულ გაზს საქართველო დაახლოებით 30 დოლარით უფრო იაფად ყიდულობს.

ფასთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩართულია რუსული ენერგოკომპანია გაზპრომიც, ვინაიდან სომხეთზე გამავალი ქსელი, რითიც ირანიდან საქართველოში ბუნებრივი აირი შემოვა, მის საკუთრებაშია.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.