ირმა ინაშვილი – 700 ჯარისკაცის ხმის ხარჯზე “ოცნება” კვლავ მოიგებს

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, გარდაბნის რაიონის შუალედურ არჩევნებში, სპეცუბნის შექმნის პრეცედენტს ეხმაურება.
„გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ე.წ. სპეცუბნის შექმნის შესახებ! 700 ჯარისკაცი ისე “მიიღებს” არჩევნებში მონაწილეობას, როგორც მუხროვანში. ჩამოართმევენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, წინასწარ გაამზადებენ კონვერტს, სადაც უკვე შემოხაზული (41) ბიულეტენები იქნება განთავსებული. ჯარი რეალურად არც არჩევანს გააკეთებს და არც ხმას მისცემს, ბიულეტენებს ყუთში საოლქოს რომელიმე წევრი და სამხედრო ნაწილის მაღლჩინოსანი ჩაყრის. მერე მაინც გაძვრება ლაფსუსი, ვიღაცა (ოდნავ პატიოსანი) აღმოაჩენს კონვერტს ორი ბიულეტენით, მაგრამ ვერაფერს ვერ დაამტკიცებს. საოლქო, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლო (ყველა ისტანციის) უნისონში იტყვის, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო და 700 ჯარისკაცის ხმის ხარჯზე “ოცნება” კვლავ მოიგებს. ამას დაემატება მესაზღვრეების 108 ხმა. ვინაიდან “ქართული ოცნების” კანდიდატი მჯერად არაა “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, თავდაცვის მინისტრი არჩევნების დღეს შტაბში ოქმებს არ შეამოწმებს, ხმებს არ დაითვლის და ფოტოებს “ფეისბუქში” არ გაავრცელებს, მაგრამ მორიგჯერ ჩაიწერს ქულებს ივანიშვილის წინაშე: აი, როგორ დავეხმარე “ქართულ ოცნებას” გამარჯვებაში! აი, რა მაგარი ვარ! მაგრები კი არა ხართ, უნამუსოები ხართ! ის, რასაც სამხედრო სპეცუბნების გახსნით აკეთებთ, სისხლის სამართლის დანაშაულია და დრო მოვა, ყველა პასუხს აგებთ!
P.S. აი, რატომ არ უნდა ჰყავდეს საარჩევნო კომისიაში 10 წევრი “ქართულ ოცნებას”, ყველა გადაწყვეტილებას ისე იღებენ, როგორც კორეაში“- აცხადებს ინაშვილი.

Comments
Loading...