ირმა ინაშვილი, ადა მარშანია და ემზარ კვიციანი შიმშილობას იწყებენ

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები ირმა ინაშვილი, ადა მარშანია და ემზარ კვიციანი მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობას დღეს, ღამე 00:00 საათიდან დაიწყებენ.

როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, მათთან ერთად პარტიის სხვა მხარდამჭერებსაც შეეძლებათ დარჩენა და შიმშილობის აქციის დაწყება. მისივე ინფორმაციით, ამჟამად მოხალისეების სიების შედგენა მიმდინარეობს.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, მათ ორი მოთხოვნა აქვთ: დაისაჯონ საგარეჯოსა და მარტვილში არჩევნების გამყალბებლები, ასევე ხელისუფლებამ დაიწყოს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე დაუყოვნებლივ მუშაობა.

იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებზე მთავრობამ მუშაობა დაუყოვნებლივ არ დაიწყო, მოშიმშილეების საპროტესტო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება.

საპროტესტო აქცია-მსვლელობა კი მთავრობის ადმინისტრაციასთან 18:00 საათისთვის დასრულდა.

Comments
Loading...