ირმა ინაშვილი: “ბარემ ტანკებიც გამოიყვანეთ საგარეჯოში!”


თავდაცვის მინისტრმა განმარტება გააკეთა მუხროვანში დისლოცირებული სამხედრო პირების რაოდენობის შესახებ, რომელთა რიცხვი (სულ რაღაც 5 დღეში) 25- დან 549- მდე გაიზარდა. თან, ქალბატონი მინისტრი აღნიშნავს, რომ თმენის ვალდებულება აქვს და ზოგიერთის კომენტარს არ პასუხობს, მაგრამ ვინაიდან საუბარი თავდაცვის უწყებას შეეხო, იძულებული გახდა ეპასუხა. პასუხის არსი სტანდარტულია- თურმე, ასეა საჭირო და მუხროვანის ბაზაზე სრულიად კანონიერია ე.წ. სპეცუბნის შექმნა. მორიგჯერ გილოცავთ “რესპუბლიკური ოცნების” ახდენას. თუმცა, ცხოვრებისეული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ასეთი ერთპარტიული “ოცნებები” სწრაფად კვდება.
მკითხველს შევახსენებ, რომ მთელს მსოფლიოში, ყველა დემოკრატიული ქვეყანა ე.წ. სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნას დიდი სიფრთხილით ეკიდება. საყოველთაოდაა ცნობილი, რა საარჩევნო მანიპულაციებისათვის გამოიყენება სპეცუბანი. როცა “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოდიოდა, პირველ რიგში, სპეცუბნების შექმნას აპროტესტებდა. თუ კარგი და სასარგებლო იყო, 2012-ში რატომ აპროტესტებდით?!
თავდაცვის მინისტრი რეალურად ხმებს აგროვებს მისი ფავორიტი კანდიდატისთვის, ანუ საარჩევნო პროცესში იყენებს თანამდებობას და სამხედრო რესურსს. მიხარია, რომ საგარეჯოს არჩევნები მკაფიო ტესტი აღმოჩნდა, თუ რა სტილში აპირებს ხელისუფლება და (იგივე) თავდაცვის მინისტრი 2016 წლის არჩევნების წარმართვას. მგონი, ჯერ კიდევ გვახსოვს, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყენებდა ბოროტად პოლიციის, ჯარის, მესაზღვრეების რესურსს. თან, ისე, რომ კანონს არ არღვევდა. “კანონიერად ზემოქმედებდა” ძალოვან სტრუქტურებზე. ფაქტია, რომ თავდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის გზას აგრძელებს!
ბარემ ტანკებიც გამოიყვანეთ საგარეჯოში, ერთი კანდიდატის წინააღმდეგ! ისე, ნუ დაგავიწყდებათ, რომ აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ…

Leave A Reply

Your email address will not be published.