ირმა ინაშვილი: ჩემი ცხოვრება ისედაც მძიმე იყო და ახლა კიდევ უფრო მძიმე იქნება

წარსულში ცნობილი ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, დიდი ალბათობით, მე-9 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდება… მართლა დაწერა თუ არა ლექსი კომკავშირზე, ქმრის რომელი თვისება მოსწონს, რა შენიშვნებს აძლევენ შვილები? – ამ თემებზე “პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა საჯაროდ პირველად ისაუბრა გაზეთ “ვერსიასთან” ინტერვიუში.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

– ირმა, პირად საუბარში მითხარი, საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება არ მაქვს. დეპუტატობის, მით უმეტეს, ვიცე-სპიკერობის ხომ არ გეშინია?
– არა, რადგან იმდენი პარლამენტარი მყავს ნანახი და მათი იმდენი გამოსვლა მომისმენია, სიმართლე გითხრა, ჩემს თავზე წარმოდგენა ამიმაღლდა!

– ისე, ვიცე-სპიკერობა უკვე გაითავისე?
– კი, გავითავისე, თუმცა ამას ძალიან განვიცდი.

– რატომ?
– ჩემი ცხოვრება ისედაც მძიმე იყო და ახლა კიდევ უფრო მძიმე იქნება.

– მძიმე კი არა, პირიქით, ცხოვრება მშვენიერი გახდება. მახსოვს, წლების წინ სხვენში ცხოვრობდი. ჰოდა, ახლა, ვიცე-სპიკერი რომ გახდები, კარგი შემოსავალი გექნება…
– იცი, ცხოვრება უფრო მძიმე რატომ გახდება? – ჩემზე მეტი დარტყმა წამოვა. ახლა მირტყამენ, როცა არავინ ვარ და საპარლამენტო თანამდებობაზე რომ ხარ, გაათმაგებული შეტევის ეპიცენტრში ექცევი. ამ შეტევების კი არ მეშინია, არამედ, ვგრძნობ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ზოგი თვლის, ეს მეკუთვნის და ამის ღირსი ვარო, მე კი სულ სხვა რაღაცას ვფიქრობ – ღირსი ვარ, ეს თანამდებობა დავიკავო?

– და ამ კითხვაზე საკუთარ თავს რას პასუხობ?
– პასუხი არ მაქვს, რადგან ამ მდგომარეობაში თავი ჯერ არ მინახავს…

– ვიცე-სპიკერი რომ გახდები, გინდა თუ არა, მინიმუმ, ჩაცმის სტილის შეცვლა მოგიწევს. ამისთვის ემზადები – ვთქვათ, ახალი კაბები შეიძინე?
– თუ თავისუფლად არ მაცვია, ვერ ვაზროვნებ.

– მესმის, მაგრამ დეპუტატს, მით უმეტეს, ვიცე-სპიკერს, პროტოკოლით, პარლამენტში ჯინსებით სიარული ეკრძალება…
– ამიტომ, ისე ჩავიცმევ, სტანდარტი, ეტიკეტი დავიცვა და თავიც თავისუფლად ვიგრძნო. მოძრაობა არ უნდა მიჭირდეს – ტანსაცმლის ტყვე არ უნდა ვიყო. ასეთ ტანსაცმელს ვერ იყიდი, უნდა შეაკერინო.

– ირმა, რამდენი წლის შვილები გყავს?

– 15 და 16 , იყო პერიოდი როდესაც პირდაპირ ეთერშ ვჩხუბობდი და არ მოსწონდათ, ნერვიულობდნენ. მეუბნებოდნენ, ჯობია, უფრო მშვიდად ილაპარაკოო და როცა მშვიდი ლაპარაკი დავიწყე, მოეწონათ. საერთოდ, შვილებზე დიდი კრიტიკოსი არ მყავს და მათ შენიშვნებს ყურადღებას ყოველთვის ვაქცევ… მაგალითად, ჩემს ქალიშვილს ძალიან არ მოსწონს, როცა პრორუსს მეძახიან და მეუბნება ხოლმე, დასავლეთის ვითომ მომხრეები ძალიან აგრესიულები არიანო. მოკლედ, ჩემს შვილებს და საერთოდ მათ თაობას აგრესია და იარლიყების მიკერება არ მოსწონთ.

…. – ისე, მეუღლეზე არასოდეს ლაპარაკობ, რატომ?
– რატომ და, არ უყვარს, მასზე საჯაროდ რომ ვლაპარაკობ. არიან პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების მეუღლეები, რომლებიც ეკრანზე უფრო ხშირად ჩანან, ვიდრე მათი მეორე ნახევრები. ჩემს მეუღლეში სწორედ ის მომწონს, რომ წინა პლანზე არაა – ძალიან ნიჭიერი მხატვარია, თავისი სამყარო აქვს და ჩემგან გამომდინარე, პოლიტიკაშიც ერკვევა, მაგრამ არ ცდილობს, საჯარო პირი გახდეს და ამას ვაფასებ…

– მეუღლეს დაუხატიხარ?
– კი…

– ბედნიერი ხარ, ირმა?
– კი, ბედნიერი ვარ – როცა დედა ხარ, უფლება არ გაქვს, თქვა, უბედური ვარო!
წყარო: გაზეთი ვერსია

Comments
Loading...