ირმა ინაშვილი: ჩემს არცერთ მხარდამჭერს იარაღი არ აქვს!

„ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის თამარ ხიდაშელის ბრალდებებს უპასუხა „პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა გამართულ ბრიფინგზე. ინაშვილის განცხადებით, მის არცერთ მხარდამჭერს იარაღი არ აქვს, „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის დასაცავად კი პატარძეული-საგარეჯოს გზაზე სამხედრო პოლიცია მოძრაობს.

ინაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის – გიგლა აგულაშვილის საარჩევნო პროცესში ჩართულობა გააპროტესტა:

„მინისტრის მონაწილეობა არჩევნებში ნიშნავს, რომ მთლიანად კახეთის სატყეო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი მობილიზებულია ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად”, – განაცხადა ინაშვილმა.

რაც შეეხება ინაშვილის მხარდამჭერის – თორნიკე გასვიანის მიერ შეურაცხმყოფელ ფრაზებს თამარ ხიდაშელის მისამართით, ინაშვილმა აღნიშნა, რომ გინება დიდი პრობლემა არ არის.

„მეც მაგინებენ სხვადასხვა უბნებზე, ეს არის ემოციიდან გამომდინარე, რადგან საგარეჯოში დაძაბული არჩევნები მიდის. გინება არ არის დიდი პრობლემა, თუმცა ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ და შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩემს არცერთ მხარდამჭერს იარაღი არ აქვს, ჩემი მოწინააღმდეგის დასაცავად კი, საგარეჯოს გზაზე მოძრაობს სამხედრო პოლიციის კოლონა. რა კავშირი აქვს არჩევნებთან სამხედრო პოლიციას, იქნებ თინა ხიდაშელს ჰკითხოთ.

მიეცით საგარეჯოელებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

Comments
Loading...