ირმა ინაშვილი კულტურის მინისტრს მიმართავს

პარლამენტის ვიცე სპიკერი ირმა ინაშვილი კულტურის მინისტრს მიმართავს

“მოვისმინე კულტურის მინისტრის კომენტარი,- საქართველოს მუზეუმებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ პრობლემაზე ვსაუბრობთ, გაცილებით ადრე გვაქვს შესწავლილი ამ პრობლემის არსი, ვიდრე ბატონ კულტურის მინისტრს კულტურის სფეროს ჩააბარებდნენ. ვფიქრობ, მიხეილ გიორგაძე ახლა შეფასებებს კი არ უნდა აკეთებდეს, – რა ჭორია და რა არ არის ჭორი, არამედ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციით უნდა დაინტერესდეს და მოძებნოს გამოსავლის გზები. კულტურის მინისტრს შევახსენებ, რომ საქართველოს მუზეუმებში შექმნილ ვითარებაზე 2 დასკვნა დადო აუდიტის სამსახურმა და ყველა დარღვევა სწორედ აუდიტის სამსახურის დასკვნებშია წარმოდგენილი და ეს არაა ირმა ინაშვილის ან ნინო მიქიაშვილის ფანტაზიის ნაყოფი. გამოძიებაც მიმდინარეობს და თუ საფუძველი არ არსებობდა, გამოძიება საერთოდ არ დაიწყებოდა. რაც შეეხება შეხვედრას, როგორც საპარლამენტო ფრაქციას, სრული უფლება გვაქვს მოვიწვიოთ პარლამენტში კულტურის მინისტრი, მაგრამ ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა,- საჭიროების შემთხვევაში, მივიდეთ კულტურის სამინისტროში და პროფესიონალებთან ერთად გავაანალიზოთ შექმნილი ვითარება. ამდენად, კულტურის მინიტრს ვურჩევ: შეინარჩუნოს სიმშვიდე და ერთი კვირის ფარგლებში უზრუნველჰყოს დეპუტატების შეხვედრა კულტურის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურებისა და ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებთან, რათა ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ, არის თუ არა პრობლემა და თუ დადასტურდა, რომ საქართველოს მუზეუმებში პრობლემა მართლაც არსებობს, მოვძებნოთ მისი გადაჭრის გზები და დამნაშავეებიც კანონმა დასაჯოს.” -წერს ინაშვილი

Comments
Loading...