ირმა ინაშვილი – მე ვარ ქართველი! რა არის აქ გაუგებარი?

“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრებს სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს:

“მოკლედ ვპასუხობ ნინო ბურჯანაძის პარტიის ზოგიერთ წევრს:
1. მე ამერიკაში არა ვარ და ამჯერად ამერიკაში არ ვყოფილვარ.
2. ამერიკაში რომც ვყოფილიყავი, ნინო ბურჯანაძეზე იქ რატომ უნდა მელაპარაკა? ან მე რატომ უნდა დამლაპარაკებოდა ვინმე ბურჯანაძეზე?
3. მე სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიყავი, სადაც ვსაუბრობდი საგარეჯოში გაყალბებულ არჩევნებზე და არა ბურჯანაძეზე.
4. საერთოდ, არასდროს არ ვსაუბრობ სხვა პარტიებზე და მათ ლიდერებზე გარდა შემთხვევისა, როცა ეს პირადად მე, ან ჩვენს პარტიას ეხება.
5. ამიტომაც სტრასბურგსა და ბრიუსელში, ცხადია, ვსაუბროდი ხიდაშელზეც, უსუფაშვილზეც, აგულაშვილზეც და სხვა ამხანაგებზე, ვინაიდან ეს პირადად მე მეხებოდა.
6. რაც შეეხება ბურჯანაძეს, მასზე არასდროს და არსად არაფერი მილაპარაკია, რადგანაც ჩვენს შორის ინტერესთა დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
7. ნურავითარ გამოწვევაზე ნუ ლაპარაკობთ და ნურავითარ გამოწვევას ნუ იღებთ. მითუმეტეს, რომ არსად არავინ გიწვევთ. არც თქვენ და არც ბურჯანაძეს არავინ გირტყამთ.
8. მეტიც, უკვე მოგწერეთ, რომ არც არასდროს დაგვიტყამს თქვენთვის, ინტერესთა კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.
9. პირიქით, ქალბატონი ნინო გვიწვევს. ერთი თვეა ჭკუას გვარიგებს,- უნდა მიგვეღო, თუ არ მიგვეღო მონაწილეობა არჩევნებში… და ახლა იმაზეც ალაპარაკდა, სწორედ ვიშიმშილეთ, თუ არა… და როგორ უნდა შეგვეწყვიტა შიმშილობა.
10. ახლა, თუ კიდევ ვერაფერი გაიგეთ, მარტივად გიხსნით: ნინო ბურჯანაძე ჩვენს პარტიას არ ხელმძღვანელობს და მას არავინ ეკითხება, მივიღებთ, თუ არა ჩვენ მონაწილეობას ამა თუ იმ არჩევნებში. მითუმეტეს, არავინ ეკითხება, როდის… როგორ და სად ვიშიმშილებთ, ან როდის… როგორ და მიზეზით შევწყვეტთ შიმშილობას. შეგახსენებთ, რომ ჩვენ მსგავსი არაფერი გვიკადრებია თქვენთვის.
11. ამიტომ ვამბობ: თქვენს გზაზე იარეთ და თქვენს საქმეს მიხედეთ. ჩვენ ჩვენს გზაზე ვივლით და ჩვენს საქმეს მივხედავთ და ზედმეტ პროფესორობას თავი დაანებეთ.
12. სულ კარგად ბრძანდებოდეთ.
P.S. ისე, რა საინტერესოა, ერთნი მადანაშაულებენ,- რუსეთის ხარო… მეორენი- ამერიკის ხარო… მესამენი მადანაშაულებენ,- მეჩეთებს ებრძვისო… მეოთხენი ამბობენ,- მეჩეთების აშენებას ითხოვსო… რა გითხრათ… მე ვარ ქართველი! რა არის აქ გაუგებარი? მე ვარ ქართველი!!!”

Leave A Reply

Your email address will not be published.