ირმა ინაშვილი – მოშიმშილეთა რიცხვი რამდენიმე დღეში 500-მდე გაიზრდება

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მოშიმშილე „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს პროცესი უნდა დაიწყოს დღეიდან და არა 2020 წლიდან, როგორც ამას ხელისუფლება ამბობს. მისი თქმით, შიმშილობის აქცია ხუთმა ადამიანმა დაიწყო, მათგან ერთ-ერთი ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილია.

„მხარდამჭერი აქციები საგარეჯოში, გორში, თელავში იმართება. ბათუმში, ზუგდიდში დღეს დაიწყებენ შიმშილობის აქციას. ყველა დიდ ქალაქში შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც სოლიდარობას გამოგვიცხადებენ და შიმშილობის აქციას შეუერთდებიან. შეიქმნა მოხალისეთა სია. მეორე ადგილი პარლამენტის შენობის წინ იქნება, სადაც 20 ადამიანი იშიმშილებს. მოშიმშილეთა რიცხვი რამდენიმე დღეში კიდევ 500-მდე გაიზრდება”,- აღნიშნა ირმა ინაშვილი.

დღესვე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, კერძოდ, კახა კუკავა იმყოფებოდნენ.

ინაშვილმა მადლობა გადაუხადა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მხარს უჭერენ მათ აქციას. ინაშვილის აღნიშნა, რომ შესაძლოა, მათ ბევრ საკითხში ჰქონდეთ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, თუმცა საარჩევნო გარემოს შეცვლის თემაზე მათ ერთი პოზიცია აქვთ.

Leave A Reply

Your email address will not be published.