ირმა ნადირაშვილი: ძნელად წარმომიდგენია, რომ ივანიშვილი ფარული მოსმენების ე.წ. გასაღებს შეელევა

პარლამეტში ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ხვალ პირველად გაიმართება.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საშუალებით მართავს.

„როდესაც ეს კანონპროექტი განიხილებოდა პარლამენტში, გვქონდა პრინციპული პოზიცია, რომ სუს-ში ეს გასაღები არ უნდა იყოს. ახლა 31 მარტამდე უნდა გასწორდეს საკანონმდებლო ხარვეზი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულ კანონსარ უნდა ეწინააღმდეგებოდეს“, – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება ფარულ მოსმენებს პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს, რომელსაც პირადად ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს.

„მიმაჩნია, რომ პარლამენტში ამ თემაზე დებატები კვლავ დაიწყება, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია, რომ ივანიშვილი ამ გასაღებს შეელევა. იმიტომ, რომ დღემდე ამ ქვეყნის მართვა პირად თვალთვალზე, მოსმენებზე დაყრდნობით ხდება. ამ ქვეყანას ივანიშვილი სუს-ის საშუალებით მართავს“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებსა და კამპანია “ეს შენ გეხებას” წარმომადგენლებს შორის დღეს, ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

„ეს შენ გეხება“ ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით, იურიდიული კომიტეტის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფს ე.წ. სამგასაღებიანი სისტემის შესახებ ინიციატივას წარუდგენს.

Comments
Loading...