ირმა სანაძე მერიის კულტურის სამსახურს ამხელს

„ფონდი – კულტურათა დიალოგი” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟით ყოველწლიურად ატარებს გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურსს „ერთგულება”. აღნიშნულთან დაკავშირებით „ფონდი – კულტურათა დიალოგის” დამფუძნებელი და დირექტორი ირმა სანაძე ამბობს, რომ მან მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს მიმართა, თუმცა სამწუხაროდ, აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია. მოგვიანებით მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ირმა სანაძეს მათთვის არ მიუმართავს. ირმა სანაძე სოციალურ ქსელში აკეთებს კომენტარს და ურთავს დოკუმენტის სახით ორ წერილს, რომელიც მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის დირეტორს ია მაქაცარიას მისამართით 18 სექტემბერს იქნა გაგზავნილი. აღნიშნული ლიტერატურული კონკურსი კი 29 ოქტომბერს გაიმართა. უცვლელად გთავაზობთ ირმა სანაძის facebook-განცხადებას:

„ჩემო ძალიან საყვარლებო, მე – „დარმაედი”, არსადმომუშავე უპარტიო, გუშინ ვიჯექი, ჩემს ფბ-გვერდზე ვწერდი მეგობრებს და ვუხდიდი მადლობას. ბოლოს, პაწა გავუწკაპუნე უყურადღებობის გამო მერიის კულტურის მუშაკ შეფ-ქალბატონს (ვუწოდე გოიმი, კულტურასთან მწყრალადმყოფი და მოცეკვავე ოფოფი). ჰოდა, ატყდა, მაგრამ რა ატყდა… მირეკეს შუამავლებმა, რომ წამეშალა, თან მამუნათებდნენ – კაი გოგოაო, კეთილიო. თანო, (შეფს უთქვამს), ირმას არაფერი უთხოვიაო და რა მიზნები ამოძრავებს, საინტერესოაო… დღის ბოლოს, ბოდიშის არმოხდის მერე, მერიამ მომცხო სპეციალური განცხადება. ხალხო, მეე, მედიასახლისს მიპასუხა ოფიციალური განცხადებით. და კიდე უკვირს, რატომ შევამკე ამ სიტყვებით.

მოკლედ, ჩვენი ამბავი ასე იყო – შევხვდი ამ ქალბატონს ხევსურეთში, ქმრის ღონისძიებაზე იყო ჩამოსეირნებული. მივედი და მოვუყევი ამ ჩვენს ლიტ. კონკურსზე და ვთხოვე, მერია რომელიმე სეგმენტში დაგვხმარებოდა (მე – არა, კონკურსს). კიო,- მითხრა, პრიზებს დავაწესებთო და სხვა რაღაცეებიც შეგვიძლიაო. გავცვალეთ ნომრები, ჩამოვედი და რამდენიმე დღეში დავურეკე. მიპასუხა, შეხვედრა ვთხოვე. დაგირეკავენო და აღარასოდეს დამირეკეს, აღარასოდეს მიპასუხა. ამ რეკვაში მოვიდა სექტემბერი და ჩემს უფროს მეგობარს და ძალიან პატივსაცემ ადამიანს ვთხოვე, უთხარი რა, ან მნახოს, ან ტელეფონზე მიპასუხოს-თქო. ამ ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა გადმომირეკა, მიდი დაურეკეო. ვურეკავ და ვეუბნები, ეს ვარ-თქო, კონკურსზე რომ გელაპარაკეთ-თქო, ამის და ამის სახელობის და ესა და ეს-თქო… ტყემალზე შეჯდა. ვეუბნები, იქნებ შევხვდეთ-მეთქი. არ მცალიაო. ვუთხარი – ახლა 3 წუთში გეტყვი, აგიხსნი, რა არის, თუ არ გახსოვს-თქო. მიპასუხა – ვერ მოგისმენ, ბიუჯეტს გავდივარო. აბა რა ვქნა-თქო? – შევეკითხე. მომწერეო. წერილი შემოვიტანო-თქო? – ვკითხე. მიპასუხა – არა, მეილს მოგწერო და იქ მომწერეო…

მივწერე თვრამეტშივე და აღარასოდეს მიპასუხა, მერე 28-ში კიდევ მივწერე და ვურეკე. მოკლედ, ფეხზე დამიკიდა და ბოლო წამს, ახლობელმა იშოვა ეს მიკროფონ-დინამიკები, აი ძლივს მოვასწარით.

ამდენი იმიტომ ვიბოდიალე, რომ ეს ამხელა ფილარმონია სამსახურის შეფი, ცრუპენტელა, უპასუხისმგებლო და პრეტენზიული გოიმი, ოფიციალურ წერილში მწერს – არ მოუმართავს თხოვნითო და გიჟი გამომიყვანა. თან წერს, გაურკვეველი მიზეზები ამოძრავებსო. კითხვა მაქვს თქვენთან – ეს მიზეზები გაურკვეველია?

მანამდე არაფერი გვეტკინოს, სანამ მე მაგას რამე ვთხოვო და სამაგიეროდ, სხვა ამბებში იქნებ გაითვალისწინოს. კულტურის რაობა მას არ ესმის და იქნებ, გულისხმიერი მაინც გახდეს, თან ხელფასს ამაში ვუხდით.

პ.ს. კინაღამ დამავიწყდა – გოდერძი ჩოხელის 60 წლის იუბილე შარშან იყო და ზარ-ზეიმით აღვნიშნეთ მთელი საქართველოს მასშტაბით. კულტ.მუშაკი კი წელს აპირებს აღნიშვნას”, – წერს ირმა სანაძე.

გთავაზობთ მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის განცხადებას, რომელიც ირმა სანაძის კომენტარის საპასუხოდ გაკეთდა, მას შემდეგ რაც სანაძემ გულისტიკივილი გამოხატა ღონისძიებაში მერიის სამსახურის მონაწილეობის არ მიღებასთან დაკავშირებით:

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა ცნობილი ქართველი მწერლის, სცენარისტისა და რეჟისორის გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის მიმართ უყურადღებობა გამოიჩინა.

გაცნობებთ, რომ ქალბატონ ირმა სანაძეს ზემოაღნიშნული კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით კულტურის საქალაქო სამსახურისთვის ოფიციალური თხოვნით არასოდეს მოუმართავს. შესაბამისად, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება მისი განცხადება და გულგრილობაში ჩვენი დადანაშაულება.

ამას გარდა, მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, გოდერძი ჩოხელის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი მასშტაბური საიუბილეო საღამო იმართება. ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით ქ. თბილისის მერიას ოფიციალური წერილით სს „ქართულმა ფილმმა” ა. წ. 21 ოქტომბერს მიმართა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მერიის კულტურის სამსახურმა „რეპორტიორს” გამოუგზავნა.

წყარო

Leave A Reply

Your email address will not be published.