ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს – ჰიგიენა სექსამდე და სექსის შემდეგ


რჩევები მადონა ჯუღელისგან

ცნობილი გინეკოლოგი მადონა ჯუღელი გვესაუბრება იმ აუცილებელი წესების შესახებ, რომლებიც ყველა ქალბატონმა უნდა დაიცვას.

„ჩემთან ხშირად მოდიან ქალბატონები, რომლებიც მეუბნებიან, მაქვს სოკო და ვმკურნალობო. სოკო ქალის საშოს ფლორის წარმომადგენელია, თუმცა ის არ უნდა იყოს დიდი რაოდენობით, როდის ჩნდება დიდი რაოდენობით? როდესაც არასწორად ვიკვებებით ( მაგ. ტკბილეული დიდი რაოდენობით ), ვსვამთ ანტიბიოტიკებს, ვიტარებთ გაურკვეველ გამორეცხვებს. ჩვენი მიკროფლორა „ზოოპარკია“, სადაც ლომიც არის და ვეფხვიც, და არ შეიძლება, რომ ეს გარემო სტერილური იყოს და ქრონიკულად ანტიბიოტიკოთერაპია და გამორეცხვევბი ვიტაროთ. ჩვენთან მოდაშია ხშირი მკურნალობა. სულ ვამბობ, რომ გამონადენი ლორწოს სახით მცირე რაოდენობით დასაშვებია , მენსტრუალური ციკლის შესაბამისად ცოტა და მეტად გამოხატული, ამიტომ ძალიან ნუ შეშინდებიან“ – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ქალბატონო მადონა, რამდენ ხანში ერთხელ უნდა ეწვიოს ქალბატონი გინეკოლოგს?

ქალბატონები ექვს თვეში ერთხელ უნდა მიდიოდნენ პირად გინეკოლოგთან და იმოწმებდნენ მდგომარეობას. გასინჯვაში შედის პაპტესტი, მცირე მენჯის ულტრაბგერითი კვლევა და ექიმთან კონსულტაცია. მაგალითად, გერმანიაში წელიწადში 2-ჯერ არის განსაზღვრული. ზოგან კეთდება სამ წელიწადში ერთხელ, რასაც მე კატეგორიულად არ ვეთანხმები, რადგან ასეთ დროს, ძალიან ხშირ შემთხვევაში, პაციენტი განწირულია იმ პათოლოგიისთვის, რასაც საშვილოსნოს ყელის კიბო ჰქვია.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სკრინინგულად ჩატარებული პაპტესტი ვერ მოგვცემს სრულ ინფორმაციას თქვენს ჯანმრთელობაზე, ამიტომაც ბოლომდე გამოკვლევად ვერ ჩავთვლით. პაპტესტის გარდა, ექიმმა უნდა შეაფასოს ინფექციის სტატუსი, ჩატარდეს ექსპერტ -კოლპოსკოპია, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა და ჰორმონ -მეტაბოლური სტატუსი. წელიწადში ერთხელ ქალბატონმა უნდა გამოიკვლიოს სარძევე ჯირკვალი. ამასთანავე, ყურადღებას გავამახვილებ პირადი ჰიგიენის მნიშვნელობაზე, თუკი ქალმა არ იცის, გინეკოლოგმა აუცილებლად უნდა აუხსნას.

როგორ უნდა მოუაროს ქალმა ამ მხრივ თავს?

ხშირად მეკითხებიან, რომელი საპონი უნდა იხმარონ. გადამწყვეტია, რა მჟავიანობაა საშოში, რომელ ასაკშია პაციენტი და ა.შ. არსებობს ინტიმგელები, გინდათ? შეგიძლიათ ის გამოიყენოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იხმაროთ სარეცხი საპონი. ჩვენი ბაგეები წარმოადგენს იმ ნიშას, სადაც არსებული მიკროფლორა გახლავთ ბარიერი ინფექციებისთვის, ეს ბარიერი არ უნდა გამოშრეს და უნდა ჰქონდეს თავისი ტენიანობა. მისი დაცვა შესაძლებელია ინტიმგელებით ან საპნებით, რომლებიც ქიმიურად ძალიან დამძიმებული არ იქნება.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ დილას, ქალბატონი რომ ადგება, უნდა დაიბანოს, ასევე ძილის წინ და კუჭში გასვლის შემდეგაც, თუკი ამის საშუალება იქნება.

მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონმა დაიბანოს ზევიდან ქვემოთ. ამაზე ყველა პაციენტს ველაპარაკები. სწორ ნაწლავში არის ისეთი ბაქტერიები, რაც საშოში არ არის და იქ არ უნდა მოხვდეს. ხშირად, როცა ჰიგიენა ირღვევა, საშოს ფლორა ბინძურდება.

ჩემს პაციენტებს ასევე ვურჩევ, როგორ ასწავლონ შვილებს თავის მოვლა, სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ. დღეს ხშირად გვხვდება დეფლორაციული ცისტიტი. სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან ხშირად ვლინდება ცისტიტი, ანთება, მერე მძიმდება საშარდე გზების აღმავალი ინფექციით. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ არც ერთი პარტნიორი, არც ქალი, არც მამაკაცი არ იცავს ჰიგიენას. ყოველ სქესობრივი კონტაქტამდე და შემდეგ აუცილებელია დაბანა.

ძალიან მინდა ვთხოვო ბიჭების დედებს. როცა ისინი იწყებენ ოჯახურ ცხოვრებას, მიმართონ უროლოგს (ვენეროლოგს) და ბიჭებმა ჩაიტარონ შესაბამისი გამოკვლევები – სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებზე, რომ არ იყოს ამდენი უშვილო წყვილი.

დღეს ხშირად საუბრობენ პაპილომავირუსზე, რომელიც უმეტესად სქესობრივი გზით გადაეცემა. გოგონებმა უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია ამ ვირუსის წინააღმდეგ 13 წლის ასაკიდან 25 წლამდე (სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ).

რადგანაც ვირუსის გადამტანი მამაკაცია, ევროპაში დაიწყო ვაქცინაცია პაპილომავირუსის წინააღმდეგ ბიჭებშიც, ორმაგი კონტროლისთვის, რადგან პაპილომავირუსი მიიჩნევა საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მიზეზად. საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია, თუკი დიაგნოზი დროულად დაისვა და პაციენტს სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა.

დღეს ხშირად ამბობენ, რომ სექსი ჯანმრთელობაა და სრულწლოვანმა გოგონამ ამისგან თავი არ უნდა შეიკავოს. ქალიშვილობის ინსტიტუტი კი უკვე „მოდიდან გადადის“.

ვფიქრობ, ოჯახის თემა ძალიან მნიშვნელოვანია და არა მგონია, სქესობრივი ცხოვრების დაწყება ჯანმრთელობას უკავშირდებოდეს. რასაკვირველია, ყველაფერს თავისი ასაკი აქვს და არ ვამბობ, რომ ქალმა სქესობრივი ცხოვრება 40 წლის ასაკში უნდა დაიწყოს. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სექსი მხოლოდ ცხოველური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. ჩვენ ხომ არ ვართ ცხოველები. სექსობრივი ცხოვრება, რომელსაც საფუძვლად არც ერთმანეთის პატივისცემა უდევს და არც სიყვარული, ფსიქოლოგიურ პრობლემებს ავითარებს. დღეს სამაგალითო ევროპაში ძალიან ხშირია სუიციდები და მსგავსი პრობლემები წამოვა საქართველოში. ფსიქოსომატური დაავადებების ძალიან დიდი ნუსხა მოდის სწორედ აქედან, არასწორი სქესობრივი ცხოვრებისგან, ხშირი კონტაქტებისგან და პარტნიორების ცვლისგან. ადრე დაწყებული სქესობრივი ცხოვრება, მაგალითად, 15 წლის ასაკში, ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის.

ქალბატონო მადონა, როგორ უნდა მოემზადოს ქალი ორსულობისთვის? ფოლიუმის მჟავა მართლაც განაპირობებს ჯანმრთელი ნაყოფის ჩამოყალიბებას?

ორსულობის დროსაც და ისედაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას, ძილ-ღვიძილის რეჟიმის დაცვას. მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ მარტივ ნახშირწყლებს, საკვები უნდა მივიღოთ სამსაათნახევარში, რადგან ნივთიერებათა ცვლა მოწესრიგებული გვქონდეს. უნდა დავიძინოთ 11 საათამდე. როცა ქალს ღამე არ სძინავს და დილას დროულად არ იღვიძებს, ეს მის ორგანიზმში სრულ ქაოსს იწვევს.

რატომ ხდება, როცა საქართველოდან ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაფრენის შემდეგ, ქალს შესაძლოა, მენსტრუალი ციკლი აერიოს? ბიოლოგიური საათის ცვლილებები იწვევს ჰორმონულ-მეტაბოლურ დარღვევას. თუ ბიოლოგიური საათი მუდმივად არეული გვაქვს, ქრონიკულად გვერღვევა ჰორმონალური ფონი. 26-27 წლის ასაკში ჩემთან მოდიან გოგონები, რომლებსაც აქვთ საშოს და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის ატროფიული ცვლილებები და გამოიყურება, როგორც 50 წლის ქალის ლორწოვანი. იმიტომ, რომ არ სძინავთ, იკვებებიან ცუდად.
კვების რაციონიდან უნდა ამოვიღოთ შაქარი, თეთრი პურის ნაწარმი, რომელიც საფუარს შეიცავს. თევზი, ხორცი, რძის პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი – ეს უნდა შედიოდეს ყოველდღიურ რაციონში და არა ნამცხვრები, შოკოლადი, გაზიანი სასმელი,სწრაფი კვების პროდუქტები.

მე ყოველთვის ყველა პაციენტს ვუნიშნავ კვებისა და ძილის რეჟიმს და მერე გადავდივარ მედიკამენტების დანიშვნაზე.

ნინო მურღულია

Leave A Reply

Your email address will not be published.