საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსმა“ ე.წ. სამართლიანობის აღდგენის მიზნით, შესაძლოა, საგაზაფხულო სესიაზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვოს.
როგორც „ინფო 9“-ს ფრაქციის წევრმა ადა მარშანიამ განუცხადა, სამართლიანობის აღდგენის სხვადასხვა ფორმა არსებობს და ის ერთჯერადი აქტი არ არის, არამედ პროცესია.
„არ მოგვწონს, ეს პროცესი როგორც მიმდინარეობს, რადგან არაჯანსაღი და არაადეკვატურია. საზოგადოებას უარყოფითი მოვლენები ემატება და ნიკა გვარამიას ცემის ფაქტიც, ამის მაგალითი იყო. ასეთი არაერთი ფაქტი იქნება და მიკვირს, ეს მასობრივი როგორ არ არის. ადამიანები ასეთი ბუნების არ არიან, თორემ ის ცხრა წელი ადამიანებს იმის საფუძველს აძლევთ, რომ „სამართალი“ თვითონ აღადგინონ“, – აღნიშნა მარშანიამ.
რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად იქმნება.