“ისლამისტების გეგმაში გაჩნდება კავკასია და საქართველო“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს ინფორმაციას „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი საველე მეთაურის, საიად ალ ბაჰადის საქართველოში ყოფნის შესახებ. თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელდა „ჰეზბოლას“ საველე მეთაურიის ფოტო, რომელიც თითქოსდა თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე „მაკდონალდსთან“ არის გადაღებული. სუს-ის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, ასეთი პიროვნების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„ჩვენ გვაქვს პოტენციურ და აქტიურ ტერორისტებზე ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასეთი პიროვნების სახელი და გვარი არც მათ მიერ მოწოდებულ სიაში ფიგურირებს, არც გაყალბებული დოკუმენტაციით შემოსულა, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ლევან იზორიას განცხადებით, ქართული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, აზერბაიჯანმა საკუთარი მოქალაქე დააკავა, რომელიც ISIS-ის რიგებში საბრძოლველად სირიაში გადასვლას ცდილობდა.

„ეს არის ერთ-ერთი ფაქტი, თუმცა მთელ რიგ ღონისძიებებზე თუ ვისაუბრებთ, რაც შეიძლება საჯაროდ გავრცელდეს, მინდა დამატებით ვთქვა, რომ ათეულობით ადამიანის შემოსვლა იქნა აღკვეთილი, მათ შორის, აფრიკული და არაბული ქვეყნებიდან, რომლებიც ტრანზიტულად ცდილობდნენ საქართველოდან თურქეთში და თურქეთიდან სირიაში გადასვლას. ჩვენ ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ სიით, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვაწვდიან. მათ შორის, საუბარია არა მხოლოდ აქტიურ, არამედ პოტენციურ ტერორისტებზეც“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირსა და ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულა სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი – 36 წლის აიუფ ბორჩაშვილი. პარალელურად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს სამი პანკისელი ახლაგაზრდა, რომლებიც თურქეთის გავლით სირიაში უნდა გადასულიყვნენ. გამოძიების ინფორმაციით, ბორჩაშვილი სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდასაჭერად ხეობიდან ახალგაზრდების ექსპორტის ხელშეწყობას ახორციელებდა.

გამოძების მტკიცებით, სწორედ, სოფელ ჯოყოლოს იმამ ბორჩაშვილის ხელძღვანელობით ხდებოდა სირიაში ახალგაზრდების საბრძოლველად გაგზავნა, მათ შორის იგი აპირებდა იმ 3 პიროვნების გაგზავნასაც, რომლებიც პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. ბორჩაშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წაყენებული, ეს არის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება და ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღებისთვის სხვა პირების გადმობირება. რაც შეეხება დაკავებულ 3 პირს, მათ ბრალი მხოლოდ ერთი მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობას გულისხმობს. თავად ბორჩაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და თვლის, რომ დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისლამის მიმდევარია.

გამოძიება ასევე დაწყებულია თამაზ ჭაღალიძის მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ მიმართვაზე. ლევან იზორია აცხადებს, რომ საქართველო ტერორიზმის მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში არ გადის, თუმცა არ არის გამორიცხული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ISIS-თან კავშირის გამო, რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

რაც შეეხება ISIS-ის ქართულენოვან გვერდს, იზორიას განცხადებით, ასეთი პროპაგანდისტული არაერთი გვერდი არსებობს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. მისივე თქმით, ოპერატიული ინფორმაციის შეგროვების მიზნით, ასეთი ვებ-გვერდების არსებობა გარკვეული დროის განმავლობაში მიზანშეწონილიც იყო, თუმცა მათი აკრძალვის მოთხოვნით უახლოეს პერიოდში სასამართლოს მიმართავენ. თუმცა, იზორია არ აკონკრეტებს იმართება თუ არა აღნიშნული პროპაგანდისტული ვებ-გვერდები საქართველოდან.

„დაწყებულია გამოძიება. ვატარებთ ოპერატიულ ღონისძიებებს, მათ შორის, აქტიური მომხმარებლების დადგენის თვალსაზრისით თვალყურს ვადევნებთ თუ ვინ არის მისი აქტიური მომხმარებელი. ერთგვარად მიზანშეწონილი იყო მისი გარკვეული პერიოდით არსებობა, რათა ჩვენ მეტი საფუძველი და სიმტკიცე გვქონოდა გარკვეული ინფორმაციის დადგენის თვალსაზრისით. უკვე გვაქვს საფუძველი, რომ გარკვეულ პიროვნებებზეც დავიწყოთ დევნა“, – განაცხადა იზორიამ.

დღესვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც პოზიტიურად აისახა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული რეგიონალური და ორმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებში საქართველოს მონაწილეობა და კონტრტერორიზმის საკითხებში თანამშრომლობის გაფართოების გაძლიერება.

„ამერიკის მხარე მიესალმება 2014 წლის მარტში საქართველოს მთავრობის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას. საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ე. წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური კოალიციის ურყევი მხარდაჭერა, ე. წ. „უცხოელი ტერორისტი მებრძოლების“ ფენომენთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფისკენ გადადგმული ნაბიჯები;

თურქეთთან სახელმწიფო საზღვარზე დოკუმენტების უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, ტერორისტული დანაშაულების კრიმინალიზაციის გაფართოება და დახვეწა; ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის შექმნა, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მიზნით სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ბიომეტრიული პასპორტების გაცემა, გაეროს მიერ ტერორისტების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების იმპლემენტაცია და სანაპირო დაცვის გაძლიერება“, – ნათქვამია ანგარიშში.

მიუხედავად პოზიტიური ანგარიშისა, ექსპერტები თვლიან, რომ ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველო ძალიან აქტიური იყოს. აქვე საუბრობენ სტრატეგიისა და რესურსების გაძლიერებაზე. სამხედრო მიმოხილველი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე ბევრად უფრო რთული მექანიზმია. შესაბამისად, პირველ რიგში, საჭიროა კოორდინაცია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, ინფორმაციის დროულად გაცვლა, ამ ინფორმაციის ანალიზი, რომ დროულად მოხდეს პოტენციურად საშიში ხალხის და მათი თანამოაზრეების გამოვლენა.

„აბსოლუტურად თავს დაცულად ვერ იგრძნობს ვერავინ, იმიტომ, რომ ტერორიზმს ფრონტის ხაზი არ გააჩნია. არავინ იცის სად შეიძლება მოხდეს ეს თავდასხმა. რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია, თუ სპეცსამსახურები თავისი საქმიანობით წინასწარ გამოავლენენ ასეთ ტერორისტულ აქტების დაგეგმვას და გააუვნებელყოფენ მას.

რაც შეეხება საქართველოდან წასული მოქალაქის მუქარის შემცველ გზავნილს – ე.წ. ისლამური სახელმწიფოს, ისევე როგორც ალ ქაიდას, ერთ-ერთი ძლიერი მომენტია ის, რომ მათ რიგებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იბრძვიან. ეს ის ხალხია, რომლებიც შეიძლება დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში, შემოიკრიბონ მათი თანამოაზრეები და მოახდინონ ამ იდეის გავრცელების მცდელობა, მათ შორის ტერორისტული აქტების განხორციელება. ამიტომაც, ეს საკმაოდ მაღალი დონის საფრთხედ რჩება, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესის სფეროში საქართველოც შედის, რადგან ტერორისტისთვის ძალიან ხელსაყრელია კომუნიკაციების დაკავება და სწორედ, რომ კავკასიურ კომუნიკაციებზე გადის როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური ტვირთები – ნარკოტიკები და იარაღი.

„ეს არალეგალური ტვირთები არის მათი შემოსავლის წყარო. ბუნებრივია, მათ ენდომებათ საკუთარი შემოსავლის წყაროს იმ კომუნიკაციების კონტროლი, სადანაც მათ შემოსავალი შესდით. დიდი ფილოსოფია არ სჭირდება იმას, რომ ისლამისტების გეგმაში გაჩნდება კავკასია და საქართველო. ჯერჯერობით, საქართველოს თემა არ არის პირველ პლანზე, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. პირიქით, სახელმწიფო მაქსიმალურად უმდა მოემზადოს იმ საფრთხეების გასანეიტრალებლად, რომლის წინაშე შესაძლებელია, საქართველო დადგეს. საქართველოს, როგორც ქვეყანას, შესაძლებელია, ეს საფრთხე დაუდგეს“, – განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

წყარო
for.ge

Comments
Loading...