“ისლამური სახელმწიფო” ვაშინგტონში ტერაქტების მოწყობით იმუქრება

“ისლამური სახელმწიფო” ვაშინგტონში ტერაქტების მოწყობით იმუქრება. როგორც სააგენტო “როიტერი” იტყობინება, ისლამისტებმა ახალი ვიდეორგოლი გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ სირიის დაბომბვაში მონაწილე ყველა ქვეყანა “საფრანგეთის ბედს გაიზიარებს”.
ვიდეორგოლში შესაბამის განცხადებას “ისლამური სახელმწიფოს” წევრი, ვინმე ალ-ღარიბ ალჟირელი აკეთებს. “ჩვენ ვეუბნებით ყველა ქვეყანას, რომელიც ჯვაროსნულ კამპანიაში მონაწილეობს – ღმერთის ნებით, თქვენ საფრანგეთის ბედს გაიზიარებთ. როგორც საფრანგეთს, მის ცენტრში – პარიზში დავარტყით, ვფიცავთ, რომ ამერიკას მის ცენტრში – ვაშინგტონში დავარტყამთ”, – აცხადებს ისლამისტი.
მისი თქმით, ევროპაში მალე ახალი ტერაქტები განხორციელდება. “მინდა ვუთხრა ევროპულ ქვეყნებს – ჩვენ მოვდივართ. ჩვენს შეჩერებას ვერ შეძლებთ, რადგან დღეს გაცილებით უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე”, – აცხადებს “ისლამური სახელმწიფოს” წევრი.
ვიდეორგოლში სიტყვით გამოდის კიდევ ერთი ისლამისტი, სახელად ალ-კარარ ერაყელი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს მიმართავს. “გადავწყვიტეთ, სანგრებში გესაუბროთ და არა სასტუმროებში”, – აცხადებს ის.
სააგენტო “როიტერი” აღნიშნავს, რომ ვიდეომასალის ავთენტურების გადამოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია.

Comments
Loading...