ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ავიხაი მანდელბლიტმა განკარგულება გასცა, რომ ისრაელის პოლიციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულ ორ საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყოს, – იუწყება სააგენტო Reuters ისრაელის მე-10 არხზე დაყრდნობით.
იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელმა უარი განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე.
ივლისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ გენერალურ პროკურორმა განკარგულება გასცა ბენიამუნ ნეთანიაჰუსთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების ჩატარების შესახებ. გაზეთ „ჰაარეცის“ ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ „მიიღო ინფორმაცია პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულ საქმეებზე“. თუმცა, იმ დროს საუბარი სისხლის სამართლის საქმეზე არ მიდიოდა.
მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება ინტერესთა კონფლიქტს, რომელიც გერმანიისგან წყალქვეშა ნავების შესყიდვისას დაფიქსირდა.
დეკემბრის დასაწყისში ასევე ცნობილი გახდა, რომ ნეთანიაჰუს მეუღლე სარა ნეთანიაჰუ საბიუჯეტო თანხების პირადი საჭიროებისთვის დახარჯვის გამო დაიკითხა.