ისრაელმა უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებზე შეზღუდვები დააწესა
ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებთან სამუშაო ურთიერთობების შეზღუდვა დაევალა. როგორც CNN იტყობინება, აღნიშნულის მიზეზი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ 23 დეკემბერს მიერ მიღებული რეზოლუცია გახდა.
შეზღუდვები 12 ქვეყანაში იმოქმედებს, მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, უკრაინა, ანგოლა, ეგვიპტე, ურუგვაი, ესპანეთი, სენეგალი და ახალი ზელანდია.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბრძანება ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე არ იმოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა უშიშროების საბჭოზე კენჭისყრის დროს თავი შეიკავა, რამაც რეზოლუციის მიღება შესაძლებელი გახადა.
შეგახსენებთ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტი ისრაელის ხელისუფლების მიერ პალესტინის ტერიტორიაზე ებრაული დასახლებების მშენებლობას გმობს.
„გაეროს მოწოდება, რომ ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე შეწყდეს ისრაელის მიერ არალეგალური დასახლებების შექმნა, სამარცხვინოა“,-განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
წყარო : ipress.ge