იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთთან არგუმენტირებული მიდგომის მომხრეა

საქართველოს მიერ რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას აუცილებლად მიიჩნევს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი. ამის შესახებ მინისტრმა ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ინისტრის თქმით, როგორც საქართველომ, ასევე, ნებისმიერმა ქვეყანამ რუსეთთან დიალოგი უნდა აწარმოოს.

ამის შესახებ პაოლო ჯენტილონიმ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ვიცით, რომ რუსეთი არის ევროკავშირის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მეზობელი. ევროპის 80% შედის ნატო-ში, ამიტომ ჩვენ გვინდა ვცადოთ, რომ კორექტულად და სწორად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები რუსეთთან. დიპლომატიური ჟარგონით, ჩვენ ამას ორმაგ ბილიკს ვუწოდებთ, რომელსაც ყველა არ იზიარებდა, თუმცა, ახლა სულ უფრო მეტი ქვეყანა ემხრობა ამ აზრს. ერთი ბილიკია, რომ ჩვენ პრინციპები დავიცვათ და საქართველოს შემთხვევაში, ვაღიაროთ მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. იტალია, გერმანია და ამერიკა მხარს უჭერენ დიალოგს და აუცილებელია გაგრძლდეს არგუმენტირებული მიდგომა”,-განაცხადა ჯენტილონიმ.

მისივე თქმით, სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლებს, რომლებიც იტალიაში მიემგაზრებიან, იტალია არასდროს ცნობს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმომადგენლებს.

“რაც შეეხება დღევანდელ აქტივობებს სეპარატისტული რესპუბლიკებიდან. მათი წარმომადგენლები, რომლებიც მიემგზავრებიან იტალიაში, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არასდროს გვიღიარებია ეს რესპუბლიკები. როცა ვინმე ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში ოკუპირებული რეგიონიდან, ჩვენ არასდროს ვცნობთ მას, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის წარმომადგენელს”,-განაცხადა ჯენტილონიმ.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, 7 ნოემბერს ეწვია. პაოლო ჯენტილონი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

Comments
Loading...