იური ვაზაგაშვილის და: ყარაფილას სასაფლაოს დამლაგებელი ქალი გრიპით გარდაიცვალა

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ინფორმაციით, ყარაფილას სასაფლაოს დამლაგებელი ირინა გოგილაშვილი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.

როგორც იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი აცხადებს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქმის ერთ-ერთი მოწმე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ნახეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ცუდად იყო გრიპით, მეუღლე და შვილიც ცუდად ჰყავდა, თავის თავს სათანადო ყურადღება არ მიაქცია, სასწრაფოს წაუყვანია, მაგრამ გათიშული ჰქონია თირკმელები, ფილტვები.

ასე რომ, გავრცელებული ინფორმაცია, ვითომ გაურკვეველ ვითარებაში იპოვეს გარდაცვლილი, ტყუილია.

ბევრს აუღეს დნმ-ის ანალიზი, მათ შორის ქალბატონ ირინასაც. მისი დნმ ბუნებრივია რომ აღმოჩნდებოდა ადგილზე, ის წმენდდა და ალაგებდა სასაფლაოს“,- განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იური ვაზაგაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ყარაფილას სასაფლაოს დამლაგებელი ქალი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, დღეს გავრცელდა.

როგორც „ინფო9“-ს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის, გია სოსანაშვილის ადვოკატმა განუცხადა, აღნიშნულის შესახებ მან სოსანაშვილის ოჯახის წევრებისგან შეიტყო.

სოსო ჯოგლიძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი სამი დნმ-ის ნიმუშიდან, ერთ- ერთი სწორედ სასაფლაოს დამლაგებელ ქალს, ირინა გოგილაშვილს ეკუთვნის.

2006 წელს, კორტებთან მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე 2015 წლის 20 იანვარს აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, გია სოსანაშვილის იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Leave A Reply

Your email address will not be published.