იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა განცხადება

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო გულგრილი ვერ დარჩება იმ აჟიოტაჟის გამო, რაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე საერთო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ შეიქმნა.

პოლიტიკოსების, სახელმწიფო მოხელეების, მაღალი თანამდებობის პირების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წარმომადგენლების, საქართველოში აკრედიტებული ელჩებისა, თუ სხვათა მხრიდან საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ყოველმხრივ შეტევა, მოსამართლის მრავალგზის შეურაცხყოფა, გადაწყვეტილების სამართლებრივი ღირსებების ხშირად არაკვალიფიციური კრიტიკა, ხოლო ზოგჯერ სინამდვილის განზრახ დამახინჯებული წარმოდგენა, ისევე როგორც, სხვა კარგად დაგეგმილი თუ დაუგეგმავი ექსცესიური მოქმედებანი შეუფასებლად დიდ ზიანს აყენებს არა მარტო სასამართლოს დამოუკიდებლობას, არამედ დემოკრატიის სხვა ძირითად პრინციპებს და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მდგრადობას.

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებული დავა შეეხება წლების წინ მძლავრ ტელეკომპანიაზე საკუთრების ძირითადი უფლების ნაგულვებ დარღვევას, საკუთრებასთან თვითნებური მოპყრობის სავარაუდო ფაქტს და ამ საქმეზე სიმართლის დადგენა მთელი საზოგადოების შეუნელებელი ინტერესია. დაუშვებელია, რომ შექმნილი აჟიოტაჟი ხელს უშლიდეს სიმართლის დადგენას, კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას, ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების შეფასებას, დროებითი ღონისძიებების მეშვეობით სადავო კომპანიის ქონების დაცვას, და მართლმსაჯულების აღსრულებას. ასევე დაუშვებელია, რომ გადაუმოწმებელი და დაუბალანსებელი ინფორმაციული ნაკადით ხდებოდეს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება და იმ უსწორო წარმოდგენის შექმნა, თითქოს ტელეკომპანიის ნამდვილი მესაკუთრის დადგენის მიზნით სარჩელის განხილვა და შესაბამისი პროცედურები, თავისთავად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენდეს ანდა ამას ისახავდეს მიზნად.

ყველას საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დებულება, რომ „საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი“ , არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას, და მით უფრო მის ცენზურას. „ ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდის“ გამოყენება წარმოადგენს მედიის თავისუფლებისაგან განუყოფელ მოვალეობას, მედიის თავისუფლების უმთავრეს პრინციპს, ჟურნალისტთა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, საერთაშორისო და საერთო ევროპულ სამართლებრივ სტანდარტს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თითქმის ყველა გადაწყვეტილებაშია მოხსენიებული, რომელიც მედიის თავისუფლებას შეეხება. მედიის თავისუფლების ფარგლები და სამართლებრივი სტანდარტები სწორედ ეროვნული კონსტიტუციებით, საერთაშორისო კონვენციებით, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების განმარტებებით არის დადგენილი და არა ცალკეულ მედიასაშუალებებში დასაქმებულ ჟურნალისტთა პირადი შეხედულებით.

საკუთრების უფლების ხელშეუვალობაც და გამოხატვის თავისუფლებაც დემოკრატიის მთავარ საყრდენებს წარმოადგენს, და მათი უზრუნველყოფა ერთმანეთის უგულვებელყოფის ხარჯზე კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ მათი თანაბარი დაცვით, ინდივიდური და საჯარო ინტერესების გონივრული დაბალანსებით, რაც სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის მეშვეობით უნდა განხორციელდეს. ისეთი ინტენსიური მორალური წნეხი, რომელიც მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე ხორციელდება ყოველი მხრიდან, საფრთხეში აგდებს მთელი სასამართლო სისტემის ქმედითობას და ყველა მოსამართლის დამოუკიდებლობას, რის შენარჩუნებასაც დიდი მოფრთხილება სჭირდება მთელი საზოგადოების მხრიდან.

ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ნებისმიერი ისეთი განცხადებისა თუ მოქმედებისაგან, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოს დისკრედიტაციასა და პოლიტიზაციას, მოსამართლეების დათრგუნვას, საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების დაუშვებელ მარათონში ჩართვასა და დაპირისპირებას, სამართლებრივი ჩიხების წარმოქმნას, საზოგადოების დესტაბილიზაციასა და ქაოსს, რასაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვასთან“.

Comments
Loading...