ივანიშვილი: „9+1“ ჩემი მოგონილი იყო და ხაინდრავამ ახალი სათაური გაუკეთა ფილმს – „HEROკრატია“

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ფილმ „HEROკრატიას“ გადაღება მისი იდეა იყო.

ამის შესახებ ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ფილმის გადაღებას დიდი დრო დასჭირდა და წინასაარჩევნო პერიოდში მისი ჩვენება დამთხვევაა.

„რა თქმა უნდა, ჩემი იდეა იყო და ძალიან მინდოდა. „9+1“ ჩემი მოგონილი იყო და ხაინდრავამ ახალი სათაური გაუკეთა ფილმს – „HEROკრატია“. რაც შეეხება იმას, რომ ახლა ხდება, ამას ორი მიზეზი აქვს. დიდი დრო დასჭირდა ფილმის გადაღებას. დაემთხვა, თორემ უფრო ადრეც შეიძლებოდა ჩვენება. ის, რომ დღესაა და ეს დამატებით კითხვებს იწვევს, ვფიქრობ კარგია. შეიძლება უკეთესი ყოფილიყო ადრე რომ ყოფილიყო“, – განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება საზოგადოების რეაქციას, ივანიშვილის თქმით, არავითარი ძალადობა და პასუხისგება საზოგადოების მხრიდან არ იქნება.

„ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა, ჭყინტი ერი და არავითარი ქუჩის აქციები თუ თავსმოხვეული, არ არის ძალადობა, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ მოიტანა და დღესაც ძალადობაზეა აგებული. ძალადობრივი თუ იქნება და ქუჩაში რაიმე სახიფათო, ეს ფილმი კი არ იქნება და ამ ფილმის ყურების შემდეგ ჩვეულებრივ მოქალაქეებს კი არ გაუჩნდებათ სურვილი, რომ პასუხი აგებინონ, არაფერი ქუჩაში არ მომხდარა დღემდე და ასე იქნება ახლაც“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ახალი ფილმი „HEROკრატია“ ეთერში ხვალიდან, ტელეკომპანია „იმედისა“ და GDS-ის ეთერში გავა.

Comments
Loading...