ივანიშვილი სააკაშვილზე: მიტინგის ეშინოდა ამ უბედურს

“საეჭვოა, თუმცა არც გამოვრიცხავ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს ”ქართული ოცნება” და პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე მოუწიოს სხვა პარტიებთან კონსულტაციები”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, როდესაც პარლამენტის თბილისში გადატანასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში არსებობა ძალიან დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული და დეპუტატებიც უამრავ დროს გზაში ხარჯავენ.

”მსოფლიოში არც ერთ სახელმწიფოში მსგავსი რამ არ ხდება. სააკაშვილმა მოინდომა და რომ ვკითხე, რას აკეთებ, რაში გჭირდება-თქო, დემონსტრაციას ვერსად გამართავენო. მიტინგის ეშინოდა ამ უბედურს. ეს იყო თურმე ძირითადი მიზეზი პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის.
ქუთაისელები ამას საწყენად ნუ მიიღებენ, მაგრამ ძალიან არაეფექტურია ეს. თუ გინდათ ეფექტური ხელისუფლება გყავდეთ, მათ მეტი დრო უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ თავისი საქმე აკეთონ და დღეში 6 საათი არ იყვნენ გზაში გამოკიდებული. უამრავი ავარია მოხდა, უამრავი ტრანსპორტი იმტვრევა, უამრავი საწვავი იხარჯება. ეს ყველაფერი ღირს ფული და მიდის ბიუჯეტიდან”, – განაცხადა ივანიშვილმა.

წყარო: კვირის პალიტრა

Comments
Loading...