იზორიას ინფორმაციით, „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში უცხო პირები ქურდობის მიზნით შეიჭრნენ

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია განმარტავს, რომ რამდენიმე თვის წინ, „კრწანისის“ სასწავლო ცენტრის ბაზაზე უცხო პირები ქურდობის მიზნით შეიჭრნენ.

ამის შესახებ იზორიამ დღეს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რამდენიმე თვის წინ, უცხო პირებმა „კრწანისის“ სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს. ისინი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს.

სროლის შედეგად, 1993 წელს დაბადებული გიორგი შენგელია გარდაიცვალა. ამ დრომდე ეძებენ კიდევ ორ პირს, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

თავდაცვის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ უწყების მიერ გასულ წელს განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.

Comments
Loading...