ჯანელიძე: ამერიკის ხალხის ნებისმიერი არჩევანი ჩვენი ურთიერთობების გაგრძელების მხარდამჭერი იქნება

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მოქალაქეების ნებისმიერი არჩევანი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გაგრძელება იქნება.

ამის შესახებ მან სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა, სადაც აშშ-ს არჩევნების მიმდინარეობას ადევნებენ თვალს.

მისი თქმით, საქართველოს აშშ-სგან ორპარტიული, მყარი მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ გვაქვს აშშ-ს ორპარტიული, ძალიან მყარი მხარდაჭერა, რომელიც სულ ახლახანს, სექტემბერში დაფიქსირდა, როდესაც ამერიკის კონგრესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს და შესაბამისად, ამერიკის ხალხის ნებისმიერი არჩევანი ამ ურთიერთობების გაგრძელების მხარდამჭერი იქნება. წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ მაღალი დონის ვიზიტები რაც შეიძლება ხშირად გაიმართოს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელძემ.

მისივე შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიგეგმება, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ამ დროის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატ ჰილარი კლინტონს ამომრჩეველთა კოლეგიაში 215 ხმა აქვს, „რესპუბლიკელ“ კანდიდატ დონალდ ტრამს კი – 244.

საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად, პრეზიდენტობის კანდიდატს ამომრჩევლის კოლეგიის 270 წევრის ხმა სჭირდება.

Comments
Loading...