ჯაჭვლიანს დაპირებული თანამდებობა არ მიუღია

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის სოსო ჯაჭვლიანის მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს–ს ხელმძღვანლის პოსტზე დანიშვნა ჭიანურდება, თუმცა თავად ჯაჭვლიანი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ „დემოკრატია გაიმარჯვებს“.

„მე ეხლა თბილისში არ ვიმყოფები, იმ კვირაში ჩამოვალ და გეტყვით ყველაფერს. ერთი შემიძლია გითხრათ, ყველაფერი კარგად იქნება, დემოკრატია გაიმარჯვებს“ – განუცხადა „აქცენტს“ ჯაჭვლიანმა.

ცნობისთვის: 28 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს–ს შექმნა დააანონსა. პრემიერმა იქვე განაცხადა, რომ შპს–ს პარლამენტის ყოფილი წევრი სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებდა.

„განვიხილეთ მენეჯმენტის გაძლიერების საკითხი და ჩავთვალეთ საჭიროდ და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ ამ კომპანიას უხელმძღვანელოს ბატონმა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი. მას აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება. მოგეხსენებათ, არის კინორეჟისორიც და ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება მისი ჩართვა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიოთ მოკლე დროში იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც კურორტის საერთაშორისო პრომოციას შეუწყობს ხელს. ბატონი სოსო, მოგეხსენებათ, არის ადგილობრივი, წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს კურორტი ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მაცხოვრებელთა ინტერესები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნას. ალბათ, სოსო ჯაჭვლიანი მიიღებს აქტიურ მონაწილებას ამ კომუნიკაციაშიც სახელმწიფოს მხრიდან. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების ძალიან საინტერესო პერიოდი გველოდება და დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორი აიტაცებს სახელმწიფოს ამ ინიციატივას და პარტნიორად მოგვევლინება ამ განვითარების პროცესში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა 28 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ავტორი: ქეთი ჩაუჩიძე

წყარო: accent.com.ge

Comments
Loading...