ჯეჯელავა პირობას დებს, რომ პედაგოგი, რომელიც შედეგს ვერ აჩვენებს, სკოლას დატოვებს

სკოლიდან, შესაძლოა, ყველა ის პედაგოგი გათავისუფლდეს, ვინც ვერ შეძლებს, მოსწავლე კარგ შედეგზე გაიყვანოს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 9 ნოემბერს, სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, მასწავლებელსა და მოსწავლეს კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, რაც მისი შეფასებით, მოსწავლის სწავლის მარალ ხარისხს განაპირობებს.
“მასწავლებელი სამაგალითო ადამიანი უნდა იყოს. ის უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც ყველას ეხმარება, ყველას გვერდით უდგას და თავისი სამსახურის სიყვარულში იწვის, რაც ბავშვებსაც გადაედება. ბავშვს შრომა, გვერდით დგომა და მეგობრობა უნდა შეუყვარდეს. ეს სკოლის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, პლიუს – საგნის სწავლება. მასწავლებელს უნდა ვაცადოთ, ბავშვთან კარგ ურთიერთობაში იყოს და პირობას გაძლევთ, სკოლიდან წავა ყველა მასწავლებელი, ვინც ვერ შეძლებს, ბავშვი კარგ შედეგზე გაიყვანოს”, – განაცხადა ჯეჯელავამ “2030”-ის ეტერში.
მისი თქმით, იმისთვის, რომ გაარკვიო, პედაგოგების მოტივაციის ასამაღლებლად რა არის საჭირო, პირველ რიგში, პედაგოგებს უნდა შეხვდე.
“მე 12 000 პედაგოგს შევხვდი და პირისპირ ვესაუბრე. მათ ზედმიწევნით იციან, რა სჭირდებათ. ისინი გეუბნებიან, რომ თუ ნორმალურ ხელფასს გადავუხდით, კარგ პირობებს შევუქმნით და საყვარელ მოსწავლეებთან მივუშვებთ, მთებს გადაატრიალებენ. რა თქმა უნდა, ხელფასი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ნაბიჯებს ვდგამთ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების მინისტრის პოსტი 2016 წლის 3 ივნისსს დაიკავა.
Comments
Loading...