“ჯერ საერთო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ”, – კალაძე “გაზპრომზე” საუბრობს

ენერგეტიკის მინისტრის და ევროკავშირის ელჩის შეხვედრა გაიმართა ცოტა ხნის წინ ენერგეტიკის სამინისტროში. ვენაში, გაზპრომთან გამართული მოლაპარაკებებიდან დაბრუნებულმა კალაძემ დღეს სწორედ ევროკავშირის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია ამ პროცესის შესახებ.

სამუშაო შეხვედრის შემდეგ მინისტრმა და ელჩმა კომენტარი ჟურნალისტებისთვისაც გააკეთეს.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, გაზპრომი რჩება საკუთარ პოზიციაზე, რასაც ქართული მხარე არ ეთანხმება.

“ჯერ საერთო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ქართულ მხარეს გვინდა, მივიღოთ ისევ ის შედეგი, რასაც ვიღებდით მოცულობების მიღების შემთხვევაში და ვფიქრობ, ალბათ უახლოეს მომავალში დავასრულებთ მოლაპარაკებებს. ამას გინდ ულტიმატუმი დავარქვათ, გინდათ მოთხოვნა, საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ მოხდეს გატარების თანხობრივი ანაზღაურება. აქედან გამომდინარე, ქართულ მხარეს გვინდა მივიღოთ იგივე შედეგი, რასაც ვიღებდით ნედლეულის მიღების შემთხვევაში და ასევე, გვქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში წამოვიღოთ იმდენი მოცულობის ბუნებრივი აირი, რამდენიც იქნება მოთხოვნილი,” – განმარტა კახა კალაძემ.

როდის გაიმართება მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი, ენერგეტიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

ვიცეპრემიერთან შეხვედრა შეაფასა ევროკავშირის ელჩმა.

“ჩვენ სრულად გვესმის, რომ მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს უსაფრთხო გაზმომარაგება, რასაც აკეთებს საქართველოს მთავრობა. ვაფასებთ, რომ დეტალურად ვსაუბრობთ ამ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან, რადგან ეს თემა ჩვენს თანამშრომლობასაც ეხება,” – აცხადებს იანოშ ჰერმანი.

Comments
Loading...