ჯოხაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული თორნიკე შალიკაშვილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი პირი დააკავა. შსს-ში დაკავებულთა ვინაობას არ ასაჯაროებენ, თუმცა “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული 25 წლის თორნიკე შალიკაშვილია.

გამოძიების ინფორმაციით ირკვევა, რომ 2 სექტემბერს ვაკეში სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული ბადრი ნათობაძე (ბადუკა) თორნიკე შალიკაშვილის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ო.გ. და ს.მ. შსს-ში განმარტავენ, რომ ზემოხსენებული სამი პირი მომხდარ ფაქტს შეესწრნენ, თუმცა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინეს.

თორნიკე შალიკაშვილი და ო.გ. სამართალდამცავებმა თეთრწყაროში, ს.მ კი – თბილისში აიყვანეს. სამივე დაკავებულის მიმართ გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).
წყარო: პრაიმტაიმნიუსი

Comments
Loading...