ჯუმბერ კირვალიძე: გაბედავს, ბიძინა ივანიშვილი?!

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს:

როგორც გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ პოლიტიკაში დარჩებოდა მაქსიმუმ 2 წელიწადს და რომ, პოლიტიკაში ყოფნისას მისი მთავარი მიზანია სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება და საქართველოში დემოკრატიული, სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის დაწყება, რასაც იგი მომავალში სამოქალაქო სექტორიდან გააკეთებდა. ივანიშვილმა სიტყვა შეასრულა, – დაამარცხა საკაშვილის მოძალადე რეჟიმი, შეუდგა სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლების პროცესს და 2 წლის თავზე პოლიტიკიდან წავიდა, ანუ გადადგა ოფიციალური სახელმწიფო თანამდებობიდან, პრემიერ–მინისტრობიდან და შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე”. პოლიტიკიდან წასვლისას ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ იგი პასუხისმგებლობას არ მოიხსნის მის მიერ ხელისუფლებაში “მოყვანილი და დატოვებული” პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” მმართველობის შედეგებზე და როგორც ამ პოლიტიკური ძალის დამფუძნებელი, სამოქალაქო პოზიციებიდან მუდამ ჩაერევა მის ფუნქციონირებაში, – კონსულტაციების, რეკომენდაციების, რჩევების “მიცემის სახით”! და აი, ახლა, როდესაც პრემიერ–მინისტრობიდან გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს მიიღოს აქტიური მონაწილეობა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. საქმე ის გახლავთ, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” არსებული რეიტინგი სავალალო მდგომარეობაშია. დიახ, ხაზგასმით ვამბობ, რომ – კოალიციის რეტინგია სავალალო მდგომარეობაში, – ხოლო, მასში შემავალი პოლიტიკური პარტიების რეიტინგები კი, უფრო უარესში (“მკვდარი, მკვდარს აეკიდაო”!)! ამიტომ, თუ ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულია იმაში, რომ მის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში კვლავ მოვიდეს (დარწმუნებული ვარ, რომ მას ეს ძალიან უნდა!), ანუ გაიმარჯვოს ამა წლის შემოდგომაზე გასამართ საპარლამენტო არჩევნებში, მაშინ იგი უშუალოდ უნდა ჩაერთოს საარჩევნო პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კოალიციის შანსი მიზერულია და ივანიშვილისთვის სათუო გახდება სასურველი შედეგის მიღწევა. მიმაჩნია, რომ ახალი პრემიერის მიმართ პოზიტიური განწყობის მიუხედავად, საქართველოს ელექტორატისათვის გიორგი კვირიკაშვილი 9 თვეში, სამწუხაროდ, ვერ გახდება აღიარებული პოლიტიკური ლიდერი, რომლის საარჩევნო სიაში პირველ ნომრად დაყენება გარანტირებულ გამარჯვებას მოუტანს ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ ძალას. სხვათა შორის, პარტია “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოში”, არც არავინ მეგულება ისეთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც “გაქაჩავდეს პირველ ნომრობას”, ანუ შეძლებდეს უპირობო ლიდერობას და გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს, ჩემი აზრით, სხვა არჩევანი არცა აქვს, გარდა იმისა, რომ თავად ჩაუდგეს სათავეში საარჩევნო პროპორციულ სიას! არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ისეთი მიამიტი იყოს, რომ საარჩევნო სიის პირველ ნომრად დააყენოს კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური სუბიექტის რომელიმე ლიდერი, მითუმეტეს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე?! ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი კარგად ხვდება რა მდგომარეობაში ჩავარდება იგი, თუ ასეთი სახის პოლიტიკურ შეცდომას დაუშვებს! ზევით თქმულიდან გამომდინარე, ლოგიკური და გონიერი გადაწყვეტილება იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილმა შექმნილ არაორდინალურ პოლიტიკურ სიტუაციაში საკუთარ თავზე აიღოს ინიციატივა და, როგორც პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, საკუთარი პარტიის სიის სათავეში მყოფმა თავის ერთგულ თანამოაზრეებთან ერთად, დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში! დიახ, თუ გავიხსენებთ იმ ორ მიზეზს, რომლის გამოც ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში, – სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება, – ბიძინა ივანიშვილმა “პირველი მიზეზი” წარმატებით დაასრულა, ახლა “მეორეს ჯერია”. ანუ, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაღრმავებისათვის და გაძლიერებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ არსებულ მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები დამოუკიდებლად (ბიძინა ივანიშვილის დახმარების გარეშე!) მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მათ თუ სურვილი ექნებათ “დაწყვილდნენ” და ისე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც სხვა იდეოლოგიური თანამოაზრეებიც “დაიმატონ”. მოკლედ, კოალიციის გაზულუქებულ სუბიექტებს (განურჩევლად ყველას ) ბიძინა ივანიშვილის და პარტია “ქართული ოცნების” მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ და ვნახოთ, ვინ რას წარმოადგენს საქართველოს ამომრჩევლების თვალში! დემოკრატიული პროცესების განვითარების თვალსაზრისით და მდგრადი პოლიტიკური სიტემის ჩამოსაყალიბებლად, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება იქნება უაღრესად პოზიტიური საქართველოსთვის, რადგანაც იგი ქვეყანაში არსებულ რეალურ პოლიტიკურ მოზაიკას დაგვანახებს. ამავდროულად მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ეს გამბედავი (თუ გაბედა?!) ნაბიჯი იქნება ერთადერთი გარანტია საპარლამენტო არჩევნებში, “გადახალისებული” პარტია “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” გამარჯვების, რადგანაც ქართველ ხალხს მობეზრდა “ივანიშვილის ხათრით არჩეული პოლიტიკოსები” ამა თუ იმ თანამდებობაზე, პარლამენტში თუ მთავრობაში. აქედან გამომდინარე, “კომპრომისულ” პირველ ნომერს და “შეკოწიწებულ” კოალიციას – ქართველი ხალხი ხმას აღარ მისცემს!!!

Comments
Loading...