კახა ბექაური: “დეტალებში ვიცი „რუსთავი 2“-ის ამბავი, ვინ ვის წაართვა, ვინ რამდენი გადაიხადა”

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრი, ტელეკომპანია „მე-9 არხის” ყოფილი გენერალური დირექტორი კახა ბექაური სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ყოფილი და ამჟამინდელი მფლობელების მიერ წარმოებულ სასამართლო დავას ეხმიანება და ვრცელ განცხადებას ავრცელებს.

ბექაურის განცხადებით „დღეს, საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის და მედიაპლურალიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური გარემოა მთელს ევროპაში…”

“მიუხედავად იმისა, რომ დეტალებში ვიცი რუსთავი 2-ის მფლობელობის ამბავი 2003 წლიდან მოყოლებული, ვინ ვის წაართვა, ვინ რამდენი და რაში გადაიხადა, ვინ იყო ფორმალური მფლობელი და ვინ რეალური, ვფიქრობ რომ კანონიერი მფლობელობის დადგენას დამოუკიდებელი სასამართლოს გარდა გზა არა აქვს; არც იმ თემაზე შევჩერდები, ვინ და რატომ აკეთებს ამ საკითხის პოლიტიზებას, რადგან ჩემი, როგორც დამოუკიდებელი რეგულატორის თანამდებობის პირის პოზიცია, შეიძლება გახდეს სპეკულაციის საგანი.

მე მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე შევჩერდები – განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, დიდი ძალისხმევა იხარჯება იმაზე რომ რუსთავი 2-ის მფლობელობის საკითხზე სასამართლო დავა ტრასფორმირებულ იქნას საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი რეიტინგული არხის დახურვის მცდელობად. ბოლო პერიოდში, ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რამდენიმე უცხოური მედიასაშუალება და დიპლომატიური კორპუსის ზოგი წარმომადგენელი, რუსთავი 2-თან დაკავშირებულ დავას წარმოაჩენს, როგორც ხელისუფლების სურვილს, დახუროს ეს ტელევიზია, ამით შეზღუდოს საქართველოში სიტყვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი და ამ ვერსიას სხვადასხვა კონტექსტში ატრიალებს.

ყველას გვახსოვს, რა საკანონმდებლო და ბიუროკრატიული რეგულაციები იყო საქართველოში, რომელიც არათუ განვითარების, სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა მედიას, განსაკუთრებით კი ტელემედიას. 2007 წლიდან მოყოლებული, არ იყო გაცემული არცერთი ღია საეთერო ლიცენზია ტელემაუწყებლობისთვის, არსებული ლიცენზიების უმეტესობა კი გასართობ ლიცენზიებად მოდიფიცირდა. ყველას გვახსოვს, პირაკრულების პროტესტი, მაესტროს გასართობი ლიცენზიის მოდიფიცირებისთვის , რომელიც ახალი ამბების პროგრამების მომზადების უფლების მისაღებად ხდებოდა. ეს მოთხოვნა, საბოლოოდ, მხოლოდ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჩარევის შემდეგ დაკმაყოფილდა.

დღეს, საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის და მედიაპლურალიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური გარემოა მთელს ევროპაში:

1. ახალმა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე დაიწყო მედიაგარემოს ლიბერალიზაცია და ამ ზაფხულს სრულად დამთავრდა ყველა საკონონმდებლო და ბიუროკრატიული ბარიერის მოხსნა, რომელიც ხელს უშლიდა მედიის განვითარებას.

2. სრულად გაუქმდა ტელემაუწყებლობის ლიცენზირება, საკანონმდებლო დონეზე მოიხსნა ყველანაირი საკონკურსო ბარიერები ტელემაუწყებლობის დასაწყებად.

3. ტელემაუწყებლობის დაწყება საქართველოში დღეს ნებისმიერი სხვა ბიზნესის დაწყებაზე უფრო იოლია- ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მარტივი ავტორიზაციის (რეგისტრაციის) პროცედურის გავლით, შეუძლია 3 დღეში დაიწყოს ტელემაუწყებლობა.

4. საკანონმდებლო დონეზე მოხსნილია ტელემაუწყებლობის ავტორიზაციაზე (რეგისტრაციაზე) უარის თქმის ყველა შესაძლო საფუძველი. ახალი კანონმდებლობა ნებისმიერ მსურველს, ტელემაუწყებლობის დაწყების საშუალებას 3 დღეში ავტომატურად აძლევს.

5. ხელისუფლების არცერთ შტოს არ გააჩნია არანაირი საკანონმდებლო ბერკეტები დახუროს რომელიმე არხი. არცერთ ტელევიზიას აღარ აქვს სიხშირე და აღარ აქვს ლიცენზია. ბერკეტები, რომლითაც შეიძლებოდა ხელისუფლებას შეეჩერებინა ტელევიზიის საქმიანობა, კანონმდებლობაში აღარ არსებობს. რა აზრი აქვს ხელისუფლების მხრიდან რომელიმე არხის დახურვაზე ფიქრს, როდესაც ნებისმიერ ფიზიკურ, ან იურიდიულ პირს 3 დღეში შეუძლია შეუფერხებლად ტელემაუწყებლობის დაწყება.

6. ჩვენ, ბუნებრივია, მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები გვაქვს ევროპის ყველა ქვეყნის რეგულატორთან. ჩვენ ვართ ორგანიზაცია EPRA-ს (European Platform of Regulatory

Authorities) წევრები, რომელიც ევროპის 52 ქვეყნის მაუწყებლობის რეგულატორს აერთიანებს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არცერთ, ხაზს ვუსვამ არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის საქართველოზე უფრო მეტად ლიბერალური მედიაგარემო რომელიც 2013 წლიდან დღემდე, ახალი ხელისუფლების პოლიტიკური ნებით და ძალისხმევით შეიქმნა”, – წერს ბექაური.

Leave A Reply

Your email address will not be published.