კახა კახიშვილი – გიორგი მარგველაშვილის განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა სიტუაციის ესკალაციას

სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება სიტუაციის ესკალაციას ახდენს.
როგორც კახიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, არანაირი საფუძველი იმისა, რომ ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას პრობლემები ექმნებოდეს, არ არსებობს.
“მე ძალიან დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა სიტუაციის ესკალაციას. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს, რომ ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებას კონსტიტუციას საფრთხე ექმნება, პოლიტიკურ პარტიებთან, ამასთან, იმასთან იწებს მოლაპარაკებებს, გარკვეული საფუძველი უნდა არსებობდეს. ამ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ ასეთი აჟიოტაჟის საფუძველი არსებობს”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ “რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლისადმი გაკეთებულ მოწოდებას, მინისტრი მას სასამართლო საქმიანობაში ჩარევად აფასებს.
“პრეზიდენტი მოუწოდებს მოსამართლეს არ გამოიტანოს ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება, სხვა რა შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად? არავის აქვს უფლებს ჩაერიოს სასამართლოს საქმიანობაში. პრეზიდენტმა შეიძლება მოითხოვოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ რას ნიშნავს “ხისტი და ნაჩქარევი არ იყოს?” როგორც შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს ხისტი და ნაჩქარევი, როცა ის უნდა იყოს დასაბუთებული და თუ მას დასაბუთება აკლია, ამ შემთხვევაში მხარეს აქვს მისი გასაჩივრების უფლება”, – აღნიშნა სასჯელაღსრულების მინისტრმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.