კახა კალაძე: გადატრიალების შესახებ ინფორმაცია თავად „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოდიოდა

„გვქონდა ინფორმაციები, რომ „ნაციონალური მოძრაობა” გეგმავდა ქვეყანაში არეულობის მოწყობას. სხვათაშორის, ეს ინფორმაციები თავად პარტიიდან გამოდიოდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ „რუსთავი 2″-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ქვეყანაში რეალურად არსებობდა გადატრიალების საფრთხე და ამაში „ნებსით თუ უნებლიეთ, მონაწილეობას იღებდა „რუსთავი 2″-ც”.

 

„ძალიან ბევრი ფაქტი ემთხვეოდა ერთმანეთს. ჩვენ მოვისმინეთ აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც, რა თქმა უნდა, უნდა დადგინდეს. ჩვენ ასევე მოვისმინეთ „თავისუფალი ზონის” წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები. ჩვენ ასევე მოგვდიოდა ინფორმაცია, რომ შიგნით აქტიურად განიხილებოდა გადატრიალების მოწყობის საკითხი. რადგან, მათ ესმოდათ და იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება” ძალიან უსწრებდა „ნაციონალურ მოძრაობას”. მათ იცოდნენ, რომ არჩევნების გზით გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ცდილობდნენ, რომ ქვეყანაში მოეწყოთ არეულობა. ამაში, რა თქმა უნდა, „რუსთავი 2″-ც იყო ჩართული. არ ვიცი, ეს ნებსით თუ უნებლიეთ ხდებოდა. „რუსთავი 2″-ის ჩართულობაზე საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი. იგი ღიად საუბრობდა ამაზე. არსებობდა საშიშროება, რომ ქვეყანაში მოეწყოთ გადატრიალება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო : reportiori.ge

Comments
Loading...