კახა კალაძე – ირანიდან ბუნებრივი აირის შემოტანის საჭიროება აღარ არსებობს

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, „სოკართან“ გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, რომლის თანახმადაც, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, ირანიდან გაზის შემოტანის საჭიროება აღარ არსებობს.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ირანთან მოლაპარაკებებს ქართული მხარე პარალელურ რეჟიმში იმის გამო აწარმოებდა, რომ საუბარი იყო აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების ტექნიკურ პრობლემებზე.

“ირანს რაც შეეხება, ჩვენ პარალელურად, როდესაც იყო საუბარი იმაზე, რომ იყო ტექნიკური პრობლემები ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანიდან, ჩვენ, რა თქმა უნდა, პარალელურად ირანთანაც დავიწყეთ საუბარი.

გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ იმის შესაძლებლობებზე, თუ რამდენად იყო საშუალება წამოგვეღო ირანული გაზი.

თეორიულად, ამის შესაძლებლობა არის, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არსებობს.

ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან, კომპანიასთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებას და ბაზრის დაკმაყოფილებას”, -განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სოკარს“ შორის ხელშეკრულებათა პაკეტს მოეწერა ხელი, რომლის თანახმად, საქართველო დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, „სოკარმა“ გამოთქვა მზადყოფნა, 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.

Comments
Loading...