კახა კოჟორიძე – ელჩებმა ხაზი გაუსვეს პრეზიდენტის პოზიტიურ როლს, რომელიც განვითარებული მოვლენების დამშვიდების მიზნით ითამაშა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. გაერო-ს განვითარების პროგრამის ორგანიზებული შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განუცხადა, საუბარი შეეხო ქვეყნის წინაშე მდგარ აქტუალურ საკითხებს, განსაკუთრებული აქცენტი კი, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ თემაზე გაკეთდა.
“დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადი დრო დაეთმო საარჩევნო გარემოზე საუბარს, იმ საკანონმდებლო საჭიროებებს, რაც უნდა განხორციელდეს ჩვენს კანონმდებლობაში, რომ ის გაუმჯობესდეს. მათ შორის საუბარი იყო კონსტიტუციურ ცვლილებებაზე, სასამართლოზე, მედიაგარემოზე, უშუალოდ ”რუსთავი 2”-ზე, თუმცა ამ თემის ირგვლივ დეტალების განხილვა არ მომხდარა და მხოლოდ ზოგადი საუბარი გაიმართა”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისივე განმარტებით, მედიის საკითხზე საუბრისას ელჩებმა ხაზი გაუსვეს პრეზიდენტის იმ პოზიტიურ როლს, რომელიც მან “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენების დამშვიდების მიზნით ითამაშა.
“რამდენიმე ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტის პოზიტიური როლი, რომელიც მის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული განცხადებით გამოხატა და რომლითაც მოახერხა ძალიან დაძაბული სიტუაცია გადაეტანა დიალოგის რეჟიმში, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო”, – აღნიშნა პრეზიდენტის მჩეველმა.
კახა კოჟორიძის თქმით, მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარების პროცესში მედიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
“პრეზიდენტმა ისაუბრა საარჩევნო გარემოზე, მომავალ წელზე, როგორც საარჩევნო წელზე და იმ პრინციპებზე, რომლის დაცვითაც უნდა ჩატარდეს არჩევნები. ამ პროცესში, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია მედიის როლი. პრეზიდენტის პოზიციაა და ამაში ყველა დაეთანხმა, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის გარეშე ვერ ვისაუბრებთ თავისუფალ და სამართლიან გარემოზე. თავისუფალი მედია არის აუცილებელი კომპონენტი სამართლიანი არჩევნების”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
საქართველოს პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული თითქმის ყველა ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ესწრებოდა, მათ შორის – აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის,იაპონიის, თურქეთის, პოლონეთის, ევროკავშირის ელჩები. აგრეთვე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები.

Comments
Loading...