კახა ცხადაძე: კობიაშვილს ვუსურვებ, მეტი შეცდომა არ დაუშვას ცხოვრებაში

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის გადაწყვეტილებას დიდ შეცდომად აფასებს.

ცხადაძე კობიაშვილს უსურვებს, ცხოვრებაში მეტი შეცდომა აღარ დაუშვას.

„ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის არასდროს ზიანი და შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. სამწუხაროდ, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, ასეთი მეთოდი აირჩია და ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვა ჩემ მიმართ. არანაირი პასუხის გაცემას არ ვაპირებ, პირიქით, ვუსურვებ წარმატებებს და ვუსურვებ, რომ მეტი შეცდომა არ დაუშვას ცხოვრებაში.

ძალიან დიდ შეცდომას უშვებს და დაუშვა უკვე, ეს შეცდომა დააზარალებს პირადად მას და ქართულ ფეხბურთს“, – განაცხადა ცხადაძემ.

მისივე თქმით, ფინანსური საკითხები იყო მხოლოდ მიზეზი და უბრალოდ, მისი გაშვება უნდოდათ.

„გამოვიდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გააკეთა განცხადება, რომ მან გადამაყენა. გააჟღერა, რომ კახა ცხადაძე აღარ არის მთავარი მწვრთნელი. ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე იყო მიღებული. აქ საუბარი არ არის ბონუსებსა და ფინანსებზე. ფინანსები მიზეზი იყო. არ სჭირდებოდათ კახა და სჭირდებოდათ სხვა“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის გათავისუფლებას აპირებს, რისი მიზეზიც ფინანსური საკითხებია.

Comments
Loading...