კახა ცხადაძე: მინდა ქართველ გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო

საქართველოს ეროვნული ნაკრები ტალინში, ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 0-3 დამარცხდა. მატჩის შემდგომ კომენტარი “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ გააკეთა.

კახა ცხადაძემ მატჩის შემდგომ კომენტირებისას განაცხადა, რომ ესტონეთის წინააღმდეგ მატჩს სწორი დასკვნების გამოსატანად გამოიყენებს.

“მინდა ქართულ საზოგადოებას ასეთი წაგებული თამაშის შემდეგ ბოდიში მოვუხადო. ამხანაგურ მატჩს თავისი დატვირთვა აქვს. ჩვენთვის ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად შედეგიც ყოველთვის მნიშვნელოვანია. ესტონეთის ნაკრებმა დაგვანახა, რომ მატჩი ოფიციალურია თუ ამხანაგური, გუნდი მოედანზე მოსაგებად უნდა გამოვიდეს.

პირველი რაშიც ჩვენ წავაგეთ ეს იყო მოძრაობა და განწყობა. მე ასე მომეჩვენა და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ვერ შევძელი გუნდი ფსიქოლოგიურად ისე განმეწყო, როგორი განწყობაც ჰქონდა ესტონეთის ნაკრებს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბოლომდე გამომეყენებინა შეცვლები, რათა დამენახა ყველა ფეხბურთელის პოტენციალი. ტყუილად ხომ არ გამოვიძახე ფეხბურთელები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვის უნდა დავეყრდნოთ მომავალ თამაშებში, სწორედ ეს დატვრითვაც აქვს ამხანაგურ თამაშებს.

ჩვენ დავინახეთ, რომ სამი ცენტრალური მცველით საკმაოდ კარგად ვიცავთ თავს. გამოჩნდა, რომ ორი ცენტრალური თამაშზე გადასვლის შემდეგ ძალიან დიდი სივრცეები გაჩნდა და ინდივიდუალურ სისწრაფეებში წავაგეთ. გარდა ამისა ბევრჯერ წავაგეთ ინდივიდუალურ ორთაბრძოლებშიც. ამ თამაშს გამოვიყენებთ, იმისთვის რომ გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და იმედია ის ფეხბურთელები, რომლებიც არ გვყავდა მოკლე ხანში დაგვემატებიან”, – განაცხადა კახა ცხადაძემ.

აქვე მოგახსენებთ, რომ გუნდი ტირანაში დღეს ჩარტერული რეისით გაემგზავრა და მზადებას იქ გააგრძელებს. ალბანეთი – საქართველოს ამხანაგური დაპირისპირება კი, 16 ნოემბერს გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური

Leave A Reply

Your email address will not be published.