კახა ცხადაძის შემცვლელად გია გეგუჩაძე მოიაზრება

მიხეილ მესხის ეროვნული სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.

დღის წესრიგში განსახილველ საკითხთა შორის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის თანამდებობის გათავისუფლება შედის.

ამასთან, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ახალი მწვრთნელის დანიშვნის საკითხი განიხილება. კახა ცხადაძის შემცვლელად თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე მოიაზრება.

როგორც კომიტეტის სხდომის დაწყებამდე კომისიის წევრებმა განაცხადეს, აღმასკომის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა და ცხადაძის გათავისუფლების საკითხი ხმათა უმრავლესობით გადაწყდება.

როგორც სხდომის დაწყებამდე თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განმარტა, გია გეგუჩაძე სავარაუდოდ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება.

„გია გეგუჩაძე გადადის ახალგაზრდულ ნაკრებში. არავის არ გაგვითავისუფლებია. ჩვენ გვქონდა ორწლიანი გეგმა, მაგრამ მოხდა ასე, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დასჭირდა გია გეგუჩაძის თანაშემწეობა“, – განაცხადა რომან ფიფიამ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ორი დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ცხადაძის გათავისუფლებას გეგმავს, რისთვისაც ის აღმასკომის სხდომას მოიწვევს. კობიაშვილის თქმით, მასა და ცხადაძეს შორის დაპირისპირება სახელფასო ანაზღაურების გამო მოხდა.

თავის მხრივ, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გუშინ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და აღმასკომის სხდომის გამართვას ელოდება.

Comments
Loading...