კახეთში შეიარაღებულმა პირმა პოლიციის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა

კახეთში 34 წლის შეიარაღებული მამაკაცი სამართალდამცავებზე შეიარაღებული თავდასხმა სცადა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა სოფელ საკობიანოში ღამით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ახალგაზრდა მამაკაცი არ დაემორჩილა და შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა მისი დაკავება დროულად მოხერხდა.

34 წლის მამაკაცმა შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციის ავტომობილი დააზიანა.

ჩხრეკისას დაკავებულს ა კა ეს-ის 74-ის მოდელი ავტომატური იარაღი, მისი 2 მჭიდი და 35 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. საცხოვრებელ სახლში კი სამართალდამცავებმა 16 საბრძოლო ვაზნას მიაგნეს.

დაკავებულს ალკოჰოლური თრობა და მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

Comments
Loading...