კახი კახიშვილი: ჩემი კაბინეტისთვის არც ერთი თეთრის დივან-სავარძელი არ მიყიდია

სასჯელაღსრულების მინისტრმა კახი კახიშვილმა გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც კახიშვილს პირადი კაბინეტის სავარძლებისთვის ნახევარი მილიონი ლარი აქვს დახარჯული, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი კაბინეტისთვის არც ერთი თეთრის დივან-სავარძელი არ უყიდია.

მინისტრის თქმით, ის სააგენტო „ედიტორ.ჯი”-ს სასამართლოში უჩივლებს და ასეთ ცილისწამებას არავის შეარჩენს.

„თუ ძალიან უნდა „ნაციონალურ მოძრაობას”, შემიძლია გამოვაქვეყნო, რამდენიმე მილიონის ქონება ჰქონდათ ნაყიდი კაბინეტებისთვის წინა ხელისუფლებას და ამის მასალები გვაქვს. ჩემი მაგიდაც არის წინა მთავრობის დროს ნაყიდი, რომელშიც დახარჯულია 11 000 ლარზე მეტი და რომ ვუყურებ, ვფიქრობ, თუ რა აქვს ამ ფასის, მაგრამ ვერ ვხვდები. ასე რომ, ძალიან კარგად დაფიქრდნენ, სანამ რაიმე განცხადებას გააკეთებენ. არავის შევარჩენ ასეთ უსაფუძვლო განცხადებებს, მითუმეტეს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საბიუჯეტო თანხების გაფრთხილებისთვის და ამ დროს თურმე 500 000-ლარიან დივან-სავარძლებზეა საუბარი, როდესაც ერთი თეთრის არ ყოფილა ნაყიდი ჩემი კაბინეტისთვის. აუცილებლად შევიტან სარჩელს სასამართლოში, მოვითხოვ ბოდიშის მოხდას, თანხის პატიმრების ფონდში გადარიცხვას მორალური ზიანისთვის და ამავდროულად „ფეისბუქზე” იმდენივე ბოდიშის გაზიარების უზრუნველყოფას, რამდენიც ამ ინფორმაციას აქვს”, – განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, ინვენტარის ყიდვა მოხდა ორთაჭალაში ახალი შენობისთვის და არა მისი პირადი კაბინეტისთვის.

„ის, რაც იყო ნაყიდი, იყო ნაყიდი მაშინ, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაცია გამოცხადდა და ორთაჭალაში ახალი შენობა გაიხსნა, რომელშიც ხუთი დეპარტამენტი განთავსდა. ამისთვის შევიძინეთ ჩვეულებრივი სკამები და საოფისე ინვენტარი ჩვენი თანამშრომლებისთვის”, – განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, მას ასევე აქვს მასალები, თუ როგორ შეიძინა ყოფილი ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ერთი დღის განმავლობაში 12 მილიონი ლარის ავტომობილები.

Comments
Loading...