„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც კახიძე სოციალურ ქსელში წერს, გუშინ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება თანაგუნდელების შესახებ, ერთ-ერთი საუკეთესო სიტყვაა.
„ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სიტყვა, რომელიც ამ ტრიბუნიდან თქმულა. სიტყვა ეკუთვნის ადამიანს, ვინც უპერსპექტივო, ჩამოშლილი, კრიმინალებისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების მიერ გამოხრული ქვეყანა ჩაიბარა და ცხრა წელიწადში გარდაქმნა თანამედროვე, ფუნქციონალურ სახელმწიფოდ. სრულიად წარმოუდგენელი მიღწევები დადო. მაშინდელი გადმოსახედიდან ხომ სიგიჟე იყო ასეთი პროგრესი და დღესაც დავრწმუნდით, თურმე რამხელა ძალისხმევა სჭირდება მათ შენარჩუნებას“, – აცხადებს კახიძე.
მისივე თქმით, ამ დონის პოლიტიკოსი წვრილმანი პარტიული კინკლაობით დაკავებული არ უნდა იყოს.
„ჩვენი სახელმწიფოს სირცხვილია, რომ მას ქვეყნის დატოვება მოუწია პოლიტიკური დევნის გამო. საქართველოდან წასულმა კიევის მაიდანში მიიღო მონაწილეობა, იქაურ პოლიტიკაში აქტიურად ჩაება და დღეს უკრაინელი ხალხის მთავარი იმედია კორუფციისა და ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ივანიშვილის სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჯერ ევროპარლამენტში, ხოლო შემდეგ აშშ სენატში პატივით უმასპინძლეს. ინტერპოლმა ოფიციალური წერილით შეარცხვინა ივანიშვილის პროკურატურა, როცა უარი უთხრა მის ძებნილად გამოცხადებაზე. მართლა ღიმილის მომგვრელია, როცა ამ მასშტაბის პოლიტიკოსზე ამბობენ, რომ ნაცმოძრაობის თავმჯდომარის ვაკანტური, ცარიელი სკამის შენახვაზე ყოფილა დამოკიდებული მისი ავტორიტეტი და ლიდერობა. საწყენია, როცა უპერსპექტივო პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, რომ მას ტვინი აუმღვრიონ და თანამებრძოლების, საბოლოო ჯამში კი საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართონ მისი ენერგია და რესურსი. დარწმუნებული ვარ, რომ არ შეიძლება ამ დონის პოლიტიკოსი დაკავებული იყოს წვრილმანი პარტიული კინკლაობით, ჩართული იყოს გაურკვეველ ინტრიგებსა და უმიზნო დაპირისპირებაში, რომელიც ნამდვილად არ მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე“, – აღნიშნავს „ნაცმოძრაობის“ წევრი.
ამასთან, ოთარ კახიძე ყოფილ პრეზიდენტს დაბადების დღესაც ულოცავს და მიმართავს, რომ მისსავე პარტიაში მიმდინარე გაუგებარ დაპირისპირებას წერტილი თავად დაუსვას.
„ბატონო პრეზიდენტო, ნუ დაეყრდნობით მათ, ვინც თქვენ ყველა მოსაზრებას უპირობოდ დაეთანხმება. პირიქით, მხარი დაუჭირეთ და თქვენი ავტორიტეტით გააძლიერეთ სწორედ ისინი, ვინც არ გერიდებათ, გეკამათებათ და იდეების კრიტიკულ ფილტრში გატარების შემდეგ მიდიან საერთო გადაწყვეტილებამდე. მე რომ თქვენს ადგილას ვიყო, წერტილს დავუსვამდი თქვენივე დაფუძნებულ პარტიაში მიმდინარე ამ გაუგებარ დაპირისპირებას, თავად დავასახელებდი თავმჯდომარის კანდიდატურას, გავუწვდიდი შერიგების ხელს თანამებრძოლებს და საკუთარ რესურსს საერთო წარმატებას მოვახმარდი. ასე მოიქცეოდა ისეთი ლიდერი, როგორიც არის მიშა ჩემს წარმოდგენაში. დაბადების დღეს გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო! გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცესა და წარმატებას“, – მიმართავს ოთარ კახიძე მიხეილ სააკაშვილს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გუშინ, ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის” კონფერენციაზე ვიდეო ჩართვისას თანაპარტიელებს მიმართა.
მისი თქმით, თანამებრძოლებად არ თვლის იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიაში რყევებზე და იქიდან მის გაგდებაზე საუბრობენ.