კალაძე: არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში გადატრიალებები, სისხლისღვრა მოაწყონ

ვიცე-პრემიერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში გადატრიალება მოხდეს.

კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დესტაბილიზაციის სურვილზე დღეს გავრცელებული ჩანაწერი და „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრების მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები მიუთითებს.

„არ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყანაში რაღაც გადატრიალებები, სისხლისღვრა მოაწყონ, თუმცა ამაზე მიუთითებს თუნდაც ეს ჩანაწერები, გუშინდელი „თავისუფალი ზონის“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები და სხვა. ძალიან ბევრი ინფორმაციები მოდის იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურვილი აქვთ, ქვეყანაში გადატრიალება მოაწყონ, რადგან იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ერთადერთ გამოსავალ გზად დესტაბილიზაციას ხედავენ“, – აცხადებს კალაძე.

ინტერნეტსივრცეში მორიგი ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სატელეფონო საუბარს ასახავს.

ჩანაწერი სოციალურ ქსელ Youtube-ზე აიტვირთა. მასში ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზეა საუბარი. ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის გარდა, სავარაუდოდ, გოკა გაბაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური და აკაკი ბობოხიძე ფიგურირებს.

Comments
Loading...