კალაძე: ჩემ თავს მთავრობაში უფრო ვხედავ, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისი კანდიდატურა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე არ განიხილება.

როგორც მან გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კანდიდატურა პრეზიდენტის თანამდებობაზე მოიაზრება.

მისი თქმით, სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს მომავალში გაიმართება.

„ზოგადად, ვინ რომელ სამინისტროს ჩაიბარებს, იქნება კონსულტაციები და გახდება ცნობილი. ჩემ თავს მთავრობაში უფრო ვხედავ, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა ნამდვილად არ გამაჩნია. სადაც გუნდს და ქვეყანას დავჭირდები, მზად ვარ, იქ ვიყო და მაქსიმალური გავაკეთო. შს მინისტრის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის განხილვა გამორიცხულია. ეს ჭორია. არც პრეზიდენტის თანამდებობაზე, მით უმეტეს, რომ იქამდე შორია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

Comments
Loading...