კალაძე: შეიძლება, კენედის მკვლელობაც მე დამაბრალონ

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ნარკოტიკისა და იარაღის უკანონოდ შენახვა, შეძენა, ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ეს ცილისწამებაა.

მისი თქმით, თუ ფეიქრიშვილების ოჯახს კონკრეტული მტკიცებულებები გააჩნია, გამოძიებას უნდა მიმართონ.

„გულდასაწყვეტია, რომ ამდენი ცილისწამება ისმის, თუმცა მე ძალიან კარგად მესმის, ჩვენ წინასაარჩევნო პროცესში ვიმყოფებით. ყოველთვის, როდესაც არჩევნები ახლოვდება, ხან „მარშრუტკების“ ბიზნესის წართმევას მაბრალებენ, ხან ხუდონი თითქოს ჩემი საკუთარი პროექტია. ბოლოს გავიგე, თითქოს გორში ქარის ელექტროსადგური ჩემი საკუთრებაა და ათასი სიბინძურე. ახლა ველოდები ჩემი ძმის მკვლელობის საქმის ახლიდან წარმოჩენას საზოგადოებისთვის და შეიძლება, კენედის მკვლელობაც თავიდან განიხილონ და ესეც მე დამაბრალონ“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, თუ ფიქრობენ, რომ ამით მას მორალურად ზიანს მიაყენებენ, ეს არ გამოუვათ, რადგან მისი თქმით, ცხოვრებაში ბევრი ტკივილი უნახავს და ასეთი ცილისწამებები მის საქმიანობას ხელს ვერ შეუშლის.

„მე მათ ადამიანურად თანავუგრძნობ, მეუღლეებს, დედას. თუ მათ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ იმისა, რომ ჩემი მხრიდან იყო რაიმე ზეწოლა, რაიმე მითითება, წარუდგინონ ეს შესაბამის სამსახურებს და მე მოვითხოვ, რომ დაიწყოს ამ მიმართულებით გამოძიება. ვფიქრობ, ყველა დაიღალა ცილისწამებით, მეც საზოგადოებაც. თუ ფიქრობენ, რომ ამით მე მორალურად დამანგრევენ, ეს არავის გამოუვა, რადგან ცხოვრებაში ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი რთული ბარიერი მაქვს გამოვლილი და ასეთი ცილისწამებები ნამდვილად ხელს ვერ შეუშლის ჩემს იმ საქმიანობას, რასაც ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ“, – განაცხადა კალაძემ.

რამდენიმე დღის წინ დაკავებული ნოდარ ნიშნიანიძის და გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახის წევრები მომხდარში კახა კალაძეს ადანაშაულებენ.

Comments
Loading...